ავტორი: სოფო არდაზიშვილი
ბავშვობა ის ეტაპია, როდესაც ვყალიბდებით როგორც პიროვნებები, ვსწავლობთ სიყვარულის, უსაფრთხოების, ემოციური მხარდაჭერის მნიშვნელობას და წარმოდგენას ვიქმნით სამყაროზე. თუმცა, ბავშვობის გამოცდილების ეს იდეალური მოდელი, ყველა ადამიანისთვის იდენტური არ არის და პირიქით, უარყოფით მოგონებებთან ასოცირდება.. ბავშვობის ტრავმები – იქნება ეს ფიზიკური, ემოციური თუ ფსიქოლოგიური, უმეტესად ჩვენს ზრდასრულ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს..
რა არის ბავშვობის ტრავმა?
ბავშვობის ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესულმა ან მტკივნეულმა გამოცდილებებმა, როგორებიცაა:
- ემოციური უგულებელყოფა – როდესაც მშობელი არ გამოხატავს საკმარის სითბოს და ემოციურ მხარდაჭერას.
- ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა – ბავშვის დასჯა, შეურაცხყოფა და ჩაგვრა.
- მშობლების განქორწინება ან მუდმივი კონფლიქტები ოჯახში.
- სიყვარულის მიღების პირობები – როდესაც ბავშვი მხოლოდ მაშინ იღებს მხარდაჭერას, თუ „კარგი ბავშვია“.
- უარყოფა და მიტოვების შიში: როდესაც ბავშვს ემოციური ან ფიზიკური კავშირი არ აქვს მშობლებთან.
ეს გამოცდილებები ბავშვის გონებაში ღრმა კვალს ტოვებს და შემდგომ, თავს იჩენს ზრდასრულ ასაკში, როგორც საკუთარ თავთან, ისევე, გარშემომყოფებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებში..
როგორ?
1. დაუცველობისა და მიტოვების შიში
ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც არ იყვნენ ყურადღებიანები, ხშირად იზრდებიან მიტოვების შიშით. ეს კი ზრდასრულ ურთიერთობებში შემდეგნაირად ვლინდება:
- პარტნიორზე მიჯაჭვულობა – მუდმივი საჭიროება, რომ დაარწმუნონ პარტნიორი სიყვარულში.
- გადაჭარბებული ეჭვიანობა და უნდობლობა.
- შიშით გამოწვეული დამოკიდებულება – ურთიერთობის დამთავრებისას იდენტობის დაკარგვა.
2. ემოციური გაუწონასწორებლობა და თვითშეფასების პრობლემები
ტრავმულ გარემოში გაზრდილ ადამიანებს ხშირად უჭირთ თვითშეფასების ჩამოყალიბება და ისინი:
- მუდმივად ფიქრობენ, რომ არ არიან საკმარისად კარგები.
- აქვთ „პერფექციონისტული“ მიდრეკილებები – ფიქრობენ, რომ სიყვარულს მხოლოდ სრულყოფილების შემთხვევაში დაიმსახურებენ.
- უჭირთ კომპლიმენტებისა და სიყვარულის მიღება, რადგან არ არიან მიჩვეულნი მსგავს ქცევას.
3. თავდაცვითი მექანიზმები და ემოციური დისტანცია
ზოგიერთ ადამიანს ბავშვობის ტრავმების შედეგად უყალიბდება ემოციური ბარიერები:
- უჭირთ ღიად საუბარი საკუთარ გრძნობებსა და პრობლემებზე.
- ურთიერთობაში ქმნიან ბარიერებს, რათა თავი დაიცვან პოტენციური ტკივილისა და იმედგაცრუებისგან.
- დისტანციას იჭერენ ადამიანებთან, რადგან აშინეთ ახლო კავშირები.
4. კონფლიქტების არასრულფასოვანი მოგვარება
ტრავმების მქონე ადამიანები ვერ უმკლავდებიან კონფლიქტებს ჯანსაღად.
- შესაძლოა, გამოავლინონ შეურაცხმყოფელი ქცევები კამათის დროს, რადგან მსგავს ქცევას ბავშვობაში ხედავდნენ.
- გაქცევის ან დუმილის ტაქტიკა – კონფლიქტის დროს ემოციური უგულებელყოფა.
5. ტოქსიკური ურთიერთობების დაუსრულებელი წრე
ბავშვობის ტრავმა ხშირად იწვევს ტოქსიკური ქცევების განმეორებას. მაგალითად, თუ ბავშვი გაიზარდა გარემოში, სადაც სიყვარული იყო კონტროლის ფორმა, შესაძლოა, მათაც გაუცნობიერებლად გაიმეორონ ეს ქცევა პარტნიორთან.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ახალი თაობების აღზრდის პროცესში წინასწარ გავიაზროთ და გავითვალისწინოთ ის შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენმა სიყვარულით, თუ იმპულსურად, ნამოქმედარმა..
იმ შემთხვევაში, კი, თუ ჩვენივე თავში შევძელით და ამოვიცანით, კონკრეტული ტრავმები, რაც ბავშვობაში გადაგვხდა, აუცილებლად უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც თვითგამომორკვევასა, და თვითშემეცნების პროცესში, მიგვაღებინებს ჩვენს გამოცდილებაში არსებულ მოცემულობებს, ისე, რომ ამ ტრავმებისგან განკურნება შევძლოთ.. ამისათვის კი:
- მნიშვნელოვანია განივითაროთ კომუნიკაციის უნარები, პირველ რიგში საკუთარ თავთან! რას გრძნობ, რატომ გრძნობ, საიდან მოდის ეს ყველაფერი.. ტრავმების გაანალიზება, უმნიშვნელოვანესია, იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები დაამყაროთ გარშემომყოფებთან.
და - ისწავლეთ ღიად საუბარი საკუთარ გრძნობებზე! თუმცა ამ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია ჯერ გაანალიზებული გქონდეთ საკუთარი ტრავმები და მისგან შემდგარი საკუთარი თავი! ამის შემდეგ ემოციური საზღვრებსაც და ნდობასაც მარტივად ჩამოაყალიბებთ..
და ბოლოს..
ბავშვობის ტრავმები მტკივნეულია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მათთან გამკლავება შესაძლებელია!
ტრავმების გაცნობიერება და მათზე მუშაობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უფრო ჯანსაღი, ბედნიერი და სიღრმისეული კავშირები.
პატივი ეცით საკუთარ წარსულს, იზრუნეთ აწმყოზე და შემოუშვით სიყვარული თქვენს ცხოვრებაში. 💙
სოფო 🫶🏻