ავტორი: ნინო ირემაშვილი
მდგარხართ საკუთარი სულის სიღრმეში? გულისა და ფიქრის გზაგასაყარზე?
სადღაც, გონებისა და ემოციის, საკუთარი თავის სიღრმეში?
გიგრძვნიათ, რომ რაღაც უსახელო ისტორიის ნაწილი ხართ?
გიგრძვნიათ, რაღაც არამატერიალური, უთქმელი, სიტყვებსა და გაგებაზე მეტი? თანაც ვერშემდგარი, ან იმაზე მეტიც?
სიყვარული, რომელსაც არც ურთიერთობა ჰქვია, და არც თავად სახელი “სიყვარული” დაერქმის და ესადაგება?
არც ისე დიდი ხნის წინ, ალბათ ჩემი სკოლის ბოლო წლებში ან სტუდენტობის დასაწყისში შეყვარებული წყვილები ხშირად ჩუქნიდნენ ერთმანეთს კლიმტის “კოცნას”, რომელიც ყველგან და ყველაფერზე შეგხვდებოდათ, დაწყებული კალმიდან დამთავრებული საყურეებითა და კულონებით.. ერთგვარი სიყვარულის გამომხატველი ჟესტი იყო, რომლითაც ერთმანეთს სიყვარულს უმტკიცებდნენ..
მაშინაც ხშირად გამივლია გულში და ახლაც გამეფიქრება ხოლმე – იციან კი მათ კლიმტის ისტორია?
რას ასახავს “კოცნა” და რა დგას მის უკან? იყო კი ეს სიყვარულის ამსახველი? ისეთი სიყვარულის რომლის გამოხატვაც მათ სურდათ? იცოდნენ კი რამდენად შეუმდგარი, უსახელო და მიუწვდომელი იყო ეს სიყვარული? რამდენად განსხვავებული და არატრადიციული მთელი ამ სიტყვის გაგებით?!
ყველასთვის ცნობილია, რომ თავისი შემოქმედებით, მისი ოქროსფერი დეტალებითა და ემოციური პორტრეტებით, იგი აოცებდა მე-20 საუკუნის სამყაროს.. თუმცა, იგი ურთიერთობებში არასტაბილური იყო.. ამის მიუხედავად, მის ცხოვრებაში იყო ქალი, რომელიც კლიმტის მუზა იყო.. არ ჩანდა მისი ცხოვრების და შემოქმედების წინა ფონზე, თუმცა მუდამ მის გვერდით იდგა!
მათი ურთიერთობა იყო უთქმელი, უსიტყვო, დაფუძნებული გაგებასა და ერთმანეთის სულის ცნობაზე, თუმცა ეს არ ყოფილა ურთიერთობა და არც სიყვარული დაურქმევიათ მისთვის.. ეს იყო რაღაც არშემდგარი და თანაც ძლიერი ემოცია..
კლიმტის “კოცნა” მისი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში დახატული ნამუშევარია.. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ ყოფილა მხოლოდ სიყვარულის გამომხატველი, ეს იყო ემილის მიმართ, მისი ღრმა და ყველაზე კონფლიქტური ემოციის სახე, რომელსაც განიცდიდა მთელი მათი ურთიერთობის მანძილზე.. ეს იყო რაღაც სულიდან ამოძახილი, იმ ბრძოლის, ემოციის, იმ მიუწვდომელის, რომელიც ზედმეტად ახლოს და ამავდროულად ძალიან შორს იყო.. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთისთვის ბევრი გაიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ემილიმ ბევრი გაიღო და ბევრი შესწირა კლიმტს, და მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო მათი დიდი კავშირი და მათი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, მაინც, მათ ურთიერთობას არ დარქმევია ურთიერთობა..
ეს იყო ორივესთვის სიყვარულის, მსხვერპლისა და ხელოვნების მათეული გაგება.. მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა არ იყო არც ზღაპრული და არც რაიმე ტრადიციული გაგების, ერთი რამ ფაქტია – ეს იყო რაღაც წყნარი, თავისებური და ძლიერი, ერთგულების ყველაზე ჭეშმარიტი გამომხატველი.. და ამის მიუხედავად, არის კი კლიმტის ეს უკვდავი ნამუშევარი იმ სიყვარულის საჩუქარი, რომელსაც სხვას ჩუქნი?
გქონია შენ სულიდან ამოძახილი, სადაც შენს ყველაზე ღრმა ემოციებს ებრძვი? ყოფილხარ გონებისა და ფიქრის გზაგასაყარზე? გინახავს მისი სული მაშინ როდესაც მისი სამყარო ჩერდება, მისი ცხოვრების ქაოსი დუმდება და გინახავს მისი რეალური სახე? განგიცდია სიყვარული, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ და ყოფილხარ იმ ურთიერთობაში, რომელშიც ურთიერთობა არ არის?
ითქმის რომ ერთგული ხარ? და სად არის ერთგულების განმარტება? თუ ყველაფრის მიუხედავად ადამიანი ისევ სულის სიღრმეებშია? თუ ისევ შენს ფიქრსა და გრძნობებშია? მაშინ როდესაც კვლავ სულის სიღრმეში ღრმა და ყველაზე კონფლიქტური ემოციები კვლავ ბობოქრობს? თუ სადღაც შორს ქაოტური ცხოვრებისგან წამით დასვენებისას, სადღაც ყველაზე განმარტოებულ ნაწილში კვლავ ხედავ მის სულს, მის სახეს, მის გრძნობებს? თუ კვლავ გგონია, რომ ის ერთადერთი ხარ ვინც მის სულს ხედავს? დაარქმევდი ამას ერთგულებას?
და მაინც შენ ყოფილხარ შენი სულის ყველაზე კონფლიქტურ ნაწილში? მდგარხარ ფიქრისა და გონების გზაგასაყარზე ?
იცნობ მის სულს და ის იცნობს შენსას?
და შენ მაინც ფიქრობ, რომ ეს ის არის რაც უნდა იყოს?
და რას ფიქრობ გამოხატავს კლიმტის “კოცნა” იმ გრძნობას რაც შენ გაქვს და გსურს ?
სიყვარულით,
ნინო 🌸