ავტორი: ნინო კიზირია
ფრანც კაფკასა და მილენა იესენსკას ურთიერთობა, იყო სიყვარულისა და ტკივილის ბნელი, მაგრამ ამაღლებული, ინტელექტუალური სინთეზი — ორი სულის დიალოგი, რომელიც წერილებით გამოიხატებოდა.. მათი გრძნობები რეალობასთან ბრძოლის, ტანჯვისა და მონატრების ქრონიკად იქცა, სადაც ყოველი წერილი იყო ნუგეში, მოლოდინი და გულწრფელი აღსარება..
ფრანც კაფკასა და მილენა იესენსკას ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია XX საუკუნის ლიტერატურაში.
1920 წელს ფრანც კაფკა, 36 წლის უკვე ცნობილი მწერალი, იწყებს მიმოწერას 23 წლის მილენა იესენსკასთან – ახალგაზრდა ჩეხ ჟურნალისტთან და მთარგმნელთან (მან თარგმა კაფკას ოთხი ნაწარმოები გერმანულიდან ჩეხურ ენაზე). მილენა კაფკას შემოქმედებით დაინტერესებულა და ნებართვა უთხოვია მისი ნაწარმოებების თარგმნაზე.. სწორედ ეს გამხდარა მათი მიმოწერის, და შეგვიძლია ვთქვათ ამაღელვებელი, თუმცა ფურცელზე დატოვებული სიყვარულის ისტორიის საწყისი.
კაფკა პრაღაში ცხოვრობდა, მილენა კი ვენაში, და მათი ურთიერთობა მხოლოდ წერილებით ვითარდებოდა.. ეს წერილები ყველაზე მძაფრი ემოციური ჩანახატებია, რაც კი შეიძლება წაიკითხოთ.. მათში არა მხოლოდ გრძნობებს, არამედ კაფკას შინაგან სამყაროს, ეგზისტენციალურ შიშებსა და ცხოვრების ღრმა ფილოსოფიას ამოიკითხავთ.. წერილები სავსეა სიყვარულისკენ სწრაფვის სევდით, მელანქოლიით, დეპრესიითა და მარტოობაში მოზღვავებული ფიქრებით..
ალბათ იკითხავთ რატომ ამხელა ტრაგიზმი?
მარტივად თუ ვიტყვით, პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ მილენა ქორწინებაში იმყოფებოდა. მართალია ტოქსიკურ და უსიყვარულო, თუმცა განქორწინებას, მაინც ვერ ბედავდა.. კაფკა კი მძიმე დაავადებებს ებრძოდა.. ამიტომაც მწერალი მუდამ იტანჯებოდა, რადგან ხვდებოდა, რომ ეს სიყვარული, რომელიც მხოლოდ წერილებში არსებობდა, რეალობად ვერასდროს იქცეოდა.
„მილენა, თუკი მილიონს ეყვარებოდი, მე ერთ-ერთი მათგანი ვიქნებოდი და თუ ერთს ეყვარებოდი, ის ერთი მე ვიქნებოდი, თუკი არავის ეყვარებოდი, იცოდე, რომ მე მკვდარი ვარ.“
„წერილები მილენას“ კაფკას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია.. იგი, რა თქმა უნდა ასახავს კაფკასა და მილენას შორის ურთიერთობას, თუმცა ამასთან ერთად, ეს არის ადამიანური ყოფის ლამაზი ძიება.. სწორედ ამ ნაწარმოებში შეგვიძლია, მკაფიოდ აღვიქვათ ვინ იყო კაფკა სინამდვილეში, მისი ხედვა, სამყარო, ფიქრები და ბრძოლები, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დროში გამოკვეთილი სიყვარულის განვითარება მილენასადმი.. ეს არის სასტიკი ტრაგედია მეორე მსოფლიო ომში.
„დავიღალე, აღარაფრის კეთება აღარ შემიძლია, მხოლოდ ის მინდა, შენს კალთაში ჩავრგო თავი, ვიგრძნო შენი ხელი ჩემს თმებში და ასე გაგრძელდეს სამუდამოდ.“
მათ შორის რამდენიმე წერილში, იმაზეც კი იყო საუბარი, რომ ერთად ეცხოვრათ.. ერთის მხრივ კაფკა ეპატიჟებოდა მილენას, მასთან გადმოსულიყო, მეორეს მხრივ მილენა ეპატიჟებოდა კაფკას ვენაში გადასულიყო საცხოვრებლად.. თუმცა, არც ერთი წასულა პრაღაში საცხოვრებლად და არც მეორე ვენაში.. კაფკას აშინებდა ვენაში გადასვლა, პირდაპირ სწერდა სტრესს მივიღებო, მილენამ კი, უბრალოდ ვერ გადადგა ეს ნაბიჯი..
ფრანც კაფკა 1924 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მილენა კი მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა რეჟიმმა დააპატიმრა და 1944 წელს საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა.
“ვისურვებდი, რომ ხვალ სამყაროს აღსასრული დგებოდეს. ამ შემთხვევაში, ხომ პირველივე მატარებელს გამოვყვებოდი შენთან ვენაში, სახლის კართან, ზღურბლზე დავდგებოდი და გეტყოდი: “წამოდი ჩემთან ერთად, მილენა. ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი ყველანაირი შიშის და თავშეკავების გარეშე. რადგან ხვალ სამყაროს აღსასრულია.” ალბათ, დაუფიქრებელ სიყვარულს იმიტომ ვერ ვეძლევით, რომ ვთვლით საკმარისი დრო გვაქვს, მაგრამ თუ არ გვაქვს ეს დრო? ან, თუ დრო, ისე როგორც ჩვენ ეს გვესმის, თუ არარელევანტურია? ეჰ, ნეტავ მართლაც დგებოდეს ხვალ სამყაროს აღსასრული. ერთმანეთს დიდად დავეხმარებოდით.”
მილენას გავლენა კაფკას ცხოვრებაზე უზარმაზარი იყო. მისი ინტელექტი, მისი პიროვნება, კაფკასთვის იყო ერთგვარი “უსაფრთხო სივრცის მიმცემი”.. მილენა იყო ის მხსნელი, ვინც იმედი და სითბო მოაფინა, კაფკას, იმ “უხილავი დემონებით” სავსე სამყაროში, რომელშიც ის ცხოვრობდა..
მიუხედავად იმისა, რომ მათმა ურთიერთობამ ფურცელს მიღმა სამყაროში განვითარება ვერ ჰპოვა, კაფკასთვის ეს ნამდვილი სიყვარული იყო.. მათი მიმოწერა კი, არა მხოლოდ ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილია, არამედ სიყვარულის და სულიერ/ინტელექტუალური კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგალითი!
სიყვარულით,
ნინო🌸