ავტორი: მედი გუმბერიძე
როდის არის დაშორება სწორი? როდის უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა გაგვტეხოს?
ურთიერთობის განმავლობაში (იქნება ეს მეგობრული, თუ რომანტიკული) ხშირად გვხვდება პრობლემები, რომელთა გადალახვაც ზოგჯერ არც ისეთი მარტივია.. ადამიანები ვართ! ყველას გვაქვს ცუდი და კარგი დღეები.. ამიტომ, არის შემთხვევა, როდესაც სხვა რაღაცის გამო გაღიზიანებულმა, შესაძლოა პატარა პრობლემისგან დიდი კამათი წარმოშვა.. და რახდება შემდეგ? წასვლა?!
ალბათ დამეთანხმებით, რომ ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა – არა პრობლემათა არ არსებობაზე ზრუნვა, არამედ მათი გადალახვის უნარია.. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ურთიერთობა ყოველთვის გულისხმობს გაუგებრობებს, კამათს, ცრემლებს და უკმაყოფილებას.. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ყოველი კამათის შემდეგ ნეგატიურ ფიქრებში შევცუროთ, ჯობს დავფიქრდეთ: ვიბრძვით ამ ყველაფრის გამოსწორებისთვის, თუ უბრალოდ – ვზრდით დაშორების მიზეზების რაოდენობას?
ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც წყვილები გამუდმებით შორდებიან, შემდეგ რიგდებიან.. თითქოს, ყოველი ჩხუბის თანმდევია დრამატული წასვლა – ხმაურით მიხურული კარი, გამორთული ტელეფონი, უპასუხოდ დარჩენილი შეტყობინებები…
მაგრამ, როცა ყოველივე ეს თითქოს წრეზე ტრიალებს – ნელ-ნელა კარგავს აზრს თვითონ წასვლაც..
ადამიანი, რომელიც ყოველ კონფლიქტზე გტოვებს, შემდეგ კი ბრუნდება, რაღაცნაირად აუფასურებს ხიბლსა და რწმენას.. აღარ გჯერა მისი სიტყვების, გაბრაზების, წყენისაც კი.. “წავა?! არაუშავს, დაბრუნდება!”
ასეთ შემთხვევებში “წამსვლელიცა” და “დამრჩენიც” არა მხოლოდ პარტნიორის თვალში კარგავს ხიბლს და იმ ნაპერწკალს, რაც ოდესღაც იყო, არამედ მათი გარემოცვისთვისაც..
კარგი, მოდი ვთქვათ, რომ გარშემომყოფების, ოჯახის წევრების, მეგობრების აზრი უმნიშვნელოა, როცა საქმე ორ ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანს ეხება და ურთიერთობაში, შეხედულებაცა და მოწონებაც, მხოლოდ ორს შორისაა საინტერესო.. მაგრამ თავადაც ხომ მშვენივრად იცით, რომ ეს ასე არ არის?! პირველივე გაუგებრობაზე, თუ ჩხუბზე, სწორედ ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთთან, ან რამდენიმესთან არ გარბიხარ?!
ვაღიაროთ, ცხელ გულზე ადამიანებმა ისეთი რაღაცების წამოროშვაც ვიცით (მითუმეტეს, როდესაც საქმე პირად ურთიერთობას ეხება), რაც მხოლოდ ორს შორის უნდა რჩებოდეს.. და შემდეგ რა ხდება?! შენ აპატიებ, შეურიგდები, დროთა განმავლობაში დაგავიწყდება კიდევაც, ან საერთოდ სასაცილოდაც მოგეჩვენება, მაგრამ შენი მეორე ნახევარი, გარშემომყოფების თვალში, ყოველთვის იმ პიროვნებად დარჩება, ცხელ გულზე როგორადაც წარმოუჩინე..
ასეა კი, ადამიანი ცუდს უფრო კარგად იმახსოვრებს, ვიდრე კარგს.. მითუმეტეს ის ადამიანი ვისთვისაც ძვირფასი ხარ.. შენ დაუბრუნდები შენს მეორე ნახევარს, შეიძლება ყველაფერი აღადგინოთ (ძველებურად), მაგრამ იმიტომ, რომ გაბრაზებულ ან გაურკვევლობაში მყოფ გულზე დასამშვიდებლად და გასარკვევად, საუბარი გინდოდა – შენი ურთიერთობა სხვას, კეთილის მსურველს, მაგრამ მაინც გარეშე პირს გაუჟღერე, იმ უარყოფითი დეტალებით, რაც მათ თვალში, მუდამ ეჭვის საბაბი იქნება..
არა, არც იფიქროთ, თითქოს იმას ვამბობდე, რომ მეგობარს, ოჯახის წევრს, შენი დარდი, ტკივილი, ფიქრები არ გაუზიაროთქო, რადგან ამას საერთოდ არ ვეთანხმები! ზუსტადაც რომ იმისთვის გყავს მეგობარი, და, დედა, თუ სხვა ახლო ადამიანი, რომ მსგავს დროს გვერდით დაგიდგეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ (მიუხედავად იმისა რამდენად ახლოს არიან) უფლება მისცე შენს ურთიერთობაში ხელები უმოწყალოდ აფათურონ..
მათ არ იციან ყველა დეტალი! როგორი დაწვრილებითაც არ უნდა გქონდეს მოყოლილი თქვენი ყოველი დღე, მათ მაინც, არ და ვერ ეცოდინებათ ის სიღრმეები, რაც წყვილს შორის რჩება.. უცხო თვალისთვის მარტივია რჩევის მიცემა..
და სწორედ მაშინ, როდესაც ურთიერთობაში გაჩენილ პრობლემას, შენს მეორე ნახევარს კი არა, მესამე პირს უზიარებ, როცა ფიქრობ, რომ კითხვები, რომლებზე პასუხიც შენს მიჯნურთან უნდა ეძებო, გარეთ ჯობია დასვა – უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, რადგან ურთიერთობას არაფერი აზიანებს ისე, როგორც წყვილთან ჯანსაღი კომუნიკაციის ნაცვლად, მესამე აზრის ძიება!
ისაუბრეთ ერთმანეთში, გაარკვიეთ რა გსურთ, რა გწყინთ, რას ემდურით ერთმანეთს.. შენს პარტნიორს დაუსვი კითხვები, გაუნდე უჭვები და ნელ-ნელა ნახავ როგორ შეიცვლება ყველაფერი…
არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მხოლოდ სიყვარული აღარ არის საკმარისი!
მაგალითად, თუ შენს წინაშე დგას ადამიანი, რომელსაც სჭირდება შეცვლა და შენ საკუთარ თავში ხედავ ძალას, რომ დარჩე მის გვერდით და დაეხმარო გამოსწორებაში – დარჩი.. მაგრამ თუ შენ გიწევს გაწირო, გაანადგურო შენი თავი მის გადასარჩენად, თუ ყოველივე ეს მსხვერპლად “შენ მოგითხოვს”, აღარ ხარ ბედნიერი და აღარ გაქვს სურვილი იბრძოლო – წადი!
წასვლა მხოლოდ მაშინ უნდა გადაწყვიტო, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ დარჩენით საკუთარ თავს ვნებ.. როდესაც ხვდები, რომ ეს გადაწყვეტილება ცხელ გულზე კი არ მიგიღია, არამედ გააზრებული გაქვს..
ურთიერთობაში ყოფნა არ ნიშნავს მუდმივად ტკივილის ატანას.. დარჩენა მხოლოდ მაშინ არის სწორი, როცა ამას აზრი აქვს – როცა ბრძოლა ურთიერთობის გამოსწორებისთვისაა და არა იმისთვის, რომ ოდესღაც არსებული გრძნობისა, თუ ურთიერთობის ნანგრევები, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ..
ასე რომ, არ უნდა გავიქცეთ პირველივე კამათზე, არ უნდა გავიქცეთ მაშინ, როცა არ ვართ დარწმუნებული საბოლოოდ გვინდა თუ არა წასვლა, მაგრამ არც ისე უნდა მივეჯაჭვოთ ურთიერთობას, რომ საკუთარი თავი დავკარგოთ..
თუ დარჩენა გინდა – იბრძოლე!
თუ გრძნობ, რომ შენი ძალა ამოიწურა – წადი!
მაგრამ დასვი კითხვები და ისაუბრე შენს მიჯნურთან.. გაუნდე ყველა ეჭვი, წყენა, მაგრამ…..
სიყვარულით,
მედი 🌸