ავტორი: ნინო კიზირია
არავის შეუმჩნევია, როგორ დაიწყო ყველაფერი.
არც თვითონ იცოდნენ.
თითქოს, ყოველდღიურობაში ჩვეულებრივი წუთი იყო — შემთხვევით გადაკვეთილი მზერა, რომელიც არავისთვის არაფერს ნიშნავდა, მაგრამ მაინც დარჩა მეხსიერებში.
ჩვეული, უბრალო დღეებით დაღლილი, ხმაურიანი ქალაქის ფონზე, სადაც ადამიანები ერთმანეთს აღარ უსმენენ.
ის – ჩუმად მოსაუბრე გოგო, რომელსაც სიტყვებზე მეტად, ტკივილები ჰქონდა შეგროვებული.
არაფრით გამორჩეულები იყვნენ – არც განსაკუთრებული ჟესტები, არც დაპირებები.
უბრალოდ, ის ამჩნევდა, როცა მის თვალებში უნდობლობა ჩნდებოდა.
უსმენდა, როცა სიტყვები ვერ გამოხატავდა სათქმელს.
ის ხვდებოდა, როცა ჩუმად ტიროდა.
ის რჩებოდა – ყოველთვის, მაშინაც კი, როცა ყველა მიდიოდა.
არ უყვირია „მიყვარხარ“, არ უთქვამს „შენ გარეშე ვერ ვიცოცხლებ“ — უბრალოდ, სდუმდა ისე, რომ სიჩუმეშიც არ ტოვებდა მარტო.
დილით, როცა მზემ ფანჯრიდან შემოანათა, გოგომ ფინჯანი ჩაი მიუტანა და თითქოს ჩვეულებრივად უთხრა:
– შენ რომ არსებობ, აღარ მეშინია.
და ეგ იყო ყველაფერი. არ აუხსნია, რა აღარ აშინებდა – მარტოობა, ადამიანების უგულობა, საკუთარი თავიც კი.
და მან არაფერი უპასუხა – უბრალოდ გაეღიმა.
გაეღიმა ისე, როგორც ადამიანს ეღიმება, როცა ხვდება – იქ არის, სადაც უნდა იყოს.
ბევრი დრო გავიდა. შეიცვალა ქალაქი.
ზამთრები უფრო ცივი გახდა, გაზაფხულები – თბილი…
ისინი კი მაინც ერთად იყვნენ.
ხანდახან არც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ხანდახან წვიმას აყოლებდნენ სევდას. მაგრამ მაინც ერთად იღვიძებდნენ. ერთად ხვდებოდნენ ყოველ დილასა და ღამეს..
და როცა ვინმე ეკითხებოდა – „ეს სიყვარულია?“
ისინი არ პასუხობდნენ.
შეეძლოთ ეთქვათ: სიყვარული ზუსტად ესაა – არა ხმამაღალ სიყვარულის ახსნაში, არამედ ერთმანეთისთვის დაჭრილ პურში, პლედებით ფინჯანი ჩაის მირთმევაში და დილით გაღვიძებისას სუნთქვის მოსმენაში.
სიყვარული იყო – უბრალოდ ის, ვინც დაგრჩა.
ვინც არ წავიდა, როცა შეგეძლო არაფერი მიგეცა მისთვის.
სიყვარული არ აკეთილშობილებს ადამიანებს, უბრალოდ აჩენს მათსავე სისუსტეს — მოულოდნელად, დაუფარავად.
როცა გიყვარს, შენს თავს ვეღარ იცავ ბოლომდე.
გაბედავ, ტირილი არ შეგრცხვება.
გაბედავ, სიჩუმით უთხრა ყველაფერი.
გაბედავ, დარჩე — მაშინაც კი, როცა გაქცევა უფრო მარტივია.
ხანდახან სიყვარული ადამიანში არ ჯდება, როგორც იდეალური ნახევარი.
არ არის სიმეტრიული.
ხანდახან მხოლოდ შენ გიყვარს. ან მხოლოდ მას.
ან ორივეს გიყვართ, მაგრამ სხვადასხვა ენაზე.
და მაინც — გიჭირავთ ერთმანეთის ხელი.
არაფერი გაქვთ გარკვეული, მაგრამ რაღაც გაკავებთ.
სიყვარული სიფრთხილეა. სიფაქიზე. არათქმულზე ყურის მიგება.
და ბოლოს — სიყვარული ის არის, ვინც დარჩება, მაშინ როცა შეუძლია წავიდეს.
სიყვარულით,
ნინო🌸