რას იტყვით? ხომ იდეალურია შემოდგომის სუსხიანი ამინდი, რომელიც ასე “გვანებივრებს”, ოთახში მოკალათებისა და ფინჯანი ჩაით მოგონებების მორევში შესაცურად?!
გახსოვთ, ბავშვობაში ჯგუფებად, რომ ვიყოფოდით, შემოვიკრებდით თანამოაზრეებს და ვიწყებდით თამაშს, სადაც თავიდან კარგად შევისწავლიდით მოწინააღმდეგის სტრატეგიას და შემდეგ სირბილით ვიჭრებოდით “მტრის” მხარეს, რათა “წითელი დროშა” მოგვეპოვებინა.. რაც უპირობო მოგებას ნიშნავდა..
როგორი ირონიული და თან სევდიანია, როცა დღესაც იგივეს ვაკეთებთ, თუმცა ამჯერად მარტო ვიბრძვით, არა მოედანზე არამედ პირად ურთიერთობებში და თან დროშის მოპოვებას კი არა მისგან რაც შეიძლება შორს გაქცევას ვცდილობთ…
მოდი ისიც გულახდილად ვთქვათ, რომ ახლანდელი ჩვენი დროშა გაცილებით ადვილი საპოვნელია, თუმცა დასკვნით ნაწილში, სადაც შინაგანი ხმა “გაიქეცის” გვიყვირის, ხშირად არასწორად გვესმის!
ჩემო მეგობარო, მთავარია დანახვა არ გვინდოდეს, თორემ გასასამართლებელ მიზეზებს რა დალევს?!
თავიდან ვაბრალებთ ცუდ ხასიათზე ყოფნას, ცუდ დღეს, ცუდ სიტუაციას, ცუდ კვირას, თვეს… ნელა მაგრამ მაინც მივდივართ იქამდე, რომ საკუთარ აღქმასაც ეჭვქვეშ ვაყენებთ გარშემომყოფებთან ერთად, რომ ჩვენ ყველამ ერთად რაღაც ისე ვერ გავიგეთ, როგორც ეს “ჩვენმა ადამიანმა” თქვა ან გააკეთა..
შემდეგი ეტაპი ამ ტოქსიკურ ურთიერთობაში მდგომარეობის აღიარება და მაინც მსუბუქად შეხედვაა, სადაც თავზე კეთილშობილების გვირგვინს ვიდგამთ და ვამბობთ: “უნაკლო ხომ არავინაა?!”
დიახ! უნაკლო არავინაა! მაგრამ თქვენი ცხოვრება მხოლოდ არსებობად, რომ იქცეს ამ ერთი თითქოს უწყინარი წინადადების გამო, ეს საკმარისია თქვენთვის?!
ისიც მხოლოდ იმიტომ რომ უშველებელი “წითელი დროშა” რომელიც აიღეს და თქვენი ცხოვრების საზღვარზე დასანახად აღმართეს შეგნებულად არ შეიმჩნიეთ..
მოდი ერთად განვიხილოთ, მაინც რა შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული “RED FLAG” ურთიერთობაში რასაც ქალებმა აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება (პუნქტების ნუმერაცია პირობითია :
1. მიმართვა და გამოხატვის სტილი – როდესაც პარტნიორი სულ სხვანაირად მოგმართავთ და იქცევა, როცა მარტო ხართ და სულ სხვანაირია თქვენს ან მისსავე მეგობრებთან ყოფნისას თქვენს მიმართ.. თითქოს რამდენიმე ვარიანტის ადამიანი ცხოვრობს მასში და ყველა ჯერზე სიტუაციის მიხედვით იცვლება, მაგრამ ის მხარე რასაც გარშემო მყოფებთან ავლენს, თავს უხერხულად, ზედმეტად ან სულაც იმედგაცრუებულად გაგრძნობინებთ. გაიქეცი!
2. კონტროლი – სად ხარ?! კიდევ სად მიდიხარ?! კიდევ რამდენ ხანს რჩები?! მხოლოდ გოგოები იქნებით?! ცუდი ამინდია სახლში დარჩი, რის ჩაცმას აპირებ?!, ჩემთან ყოფნა არ ჯობს?! გუშინ ხომ ნახე მეგობრები?! რამდენ ხანს გირეკავდი, რატომ არ მიპასუხე?! და უამრავი ასეთი შეფარული აგრესიის მატარებელი კითხვა, რომელსაც საბოლოოდ კითხვითი ფორმა ეცვლება და ბრძანებითში გადადის. გაიქეცი!
3. ემოციური მანიპულაცია – სიტუაცია, რომელიც მისი დახმარებით ყოველთვის ისე ტრიალდება, რომ მაინც თქვენ გამოდიხართ დამნაშავე, ის კი ადამიანია, რომელიც ამის მოთმენას მხოლოდ “თქვენდამი სიყვარულით” ახერხებს.. ან სიტუაცია, როდესაც რაღაც ძალიან გინდათ, მაგრამ ვერ აკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მან შთაგაგონათ თქვენი სურვილი მისი სურვილიც უნდა იყოს, რადგან “ერთი მთლიანი ხართ”. გაიქეცი!
4. თანასწორობის ნაკლებობა – დიახ, ისმენს თქვენ მოსაზრებას, მაგრამ მაინც დიალოგი და შედეგი იქამდე მიდის, რომ ის მამაკაცია და შესაბამისად უფრო მეტად შეუძლია სიტუაციის სწორად შეფასება. გაიქეცი!
5. არაპროგნოზირებადი და აგრესიული ქცევა – როდესაც თქვენთვის აქამდე მისაღებ და უყოყმანო სიტუაციებში ბევრი ფიქრი გიწევთ, ათას ჭრილში წარმოიდგენთ თქვენს დიალოგს, რადგან ამ ქმედების ახსნა მოგიწევთ და თან პარალელურად გონებაში ალაგებთ “თავის გასასამართლებელ” ტექსტებს, რადგან თავი დაიცვათ მისი აგრესიისგან, რომელიც გარდაუვლად გეჩვენებათ. გაიქეცი!
6. ინტიმურობის იძულება ან ზეწოლა – მიუხედავად სიყვარულისა, ადამიანები გუნება განწყობილებით განვსხვავდებით და შესაბამისად ყოველთვის არ გვენდომება ის, რაც მეორე ადამიანს.. როდესაც ეს გააზრებული არ აქვს თქვენ პარტნიორს, ის აუცილებლად მორალურად თუ ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობს მიიღოს სასურველი.. თავს გაგრძნობინებთ უხერხულად და თან დამნაშავედ. გაიქეცი!
7. წინა ურთიერთობაზე ცუდად საუბარი – ან შედარება, ყველა ქალს შინაგანი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება სურს, რომელსაც აუცილებლად აინტერესებს პარტნიორის წინა ურთიერთობები, თუმცა, თუ კაცი ამას, აწ უკვე ყოფილი ადამიანის გაკრიტიკების და უარესი ლანძღვის ხარჯზე აკეთებს, მერწმუნეთ ეს მხოლოდ თამაშია, სადაც მონაწილეობის მიღებით აუცილებლად წააგებთ, უბრალოდ ეს დროის საკითხია..
ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველა ქალს გამოუცდია.. თუმცა სამწუხაროდ სია ამით, რა თქმა უნდა, არ მთავრდება…
უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შინაგანი ხმა არ ჩავახშოთ და სადაც გონება გვკარნახობს, რომ “წითელი დროშა” აღიმართა მაშინვე დავასრულოთ კავშირი..
ნუ ვეცდებით ველოსიპედის თავიდან გამოგონებას, დრაკონის დამარცხებას, ადამიანის შეცვლა-გადაკეთებას და ბავშვობაში დაბრუნებას, სადაც “დროშა” ერთი პატარა ხის ნაფოტი იყო და არა იმედგაცრუების მთელი თაიგული!
ტრადიციულად ამ თემასთან დაკავშირებით გირჩევთ ორ ფილმს: 1. The Perfect Guy (2015) – სრულყოფილი ბიჭი; 2. The Boy Next Door (2015)- მეზობელი ბიჭი..
ირმა ივანიშვილი 🌸