რამდენჯერაც მეგობრებთან ლიტერატურაზე ვსაუბრობდი და სიყვარულის თემა წამოიჭრა, მაშინვე ყველას შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ გაახსენდა, რამაც სიმართლე, რომ გითხრათ, ყოველ ჯერზე ძალიან დამწყვიტა გული..
არ გეგონოთ, ყმაწვილ რომეოსა და ულამაზეს ჯულიეტას რაიმეს ვუწუნებდე, ან შექსპირის სიდიადეში მეპარებოდეს ეჭვი, უბრალოდ, როდესაც ქართველი ხარ, შოთა რუსთაველის ქვეყნიდან, ინგლისელი დრამატურგის იტალიელ პერსონაჟებამდე შენი ქვეყნის დიდი მწერლების არაერთი შთამბეჭდავი პერსონაჟი ერთხელ მაინც უნდა გაგახსენდეს!
შოთა რუსთაველი ვახსენე და სირცხვილი იქნება ორიოდე სიტყვით, რომ არ შევეხოთ მის პერსონაჟებს და არ ვთქვათ, რომ როგორც ლიტერატურის, ისე სიყვარულის, მეგობრობისა და სიმამაცის წყაროდ შეგვიძლია მივიჩნიოთ მისი შემოქმედება.. შოთამ გვაჩვენა, როგორი ძნელია შეყვარებული კაცის ყოფა სატრფოსგან შორს, და რისი გაკეთება ძალუძს მიჯნურის გადასარჩენად ადამიანს.. ბევრი რამ გვასწავლა რუსთველმა, მაგრამ ავტორი და პერსონაჟი, რომელზეც ახლა უნდა მოგითხორთ, სულ სხვაა…
იცით, ყველაზე მეტად ვის სიყვარულს ვეტრფი?! ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ გახსოვთ?! მგონი, სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განხილული თემაა ამ ნაწარმოებში, მაგრამ ის დიადი გრძნობა, ასე სპეტაკად, ასე უბრალოდ, არსად შემხვედრია!
გიორგიმ იცის, რომ ის სიყვარული, რომელიც გულში შეჰპარვია ყოვლად შეუძლებელია, თუმცა სატრფოს ხილვისთვის მზად არის მოჯამაგირედ დაუდგეს, თუნდაც მუქთად.. ვიღაც იფიქრებს, ამხელა ჯაფას ნუთუ დაფასება არ უნდა, როგორ სთავაზობს მუქთა შრომასო, მაგრამ გიორგისთვის კესოს ხილვაზე დიდი გასამჯელო არ არსებობდა.. მიუხედავად დედისა და თავად არჩილის წინააღმდეგობისა, რომ ისეთი ოჯახის შვილს, როგორიც ოთარაანთ ქვრივის ვაჟი იყო, მოჯამაგირეობა არ ეკადრებოდა, ვაჟი მაინც არ იცვლის აზრს..
„იმ დღეს, როცა გიორგიმ დააპირა არჩილთან წასვლა მოჯამაგირედ დასადგომად, ისეთი მხიარული სახე ჰქონდა, რომ ოთარაანთ ქვრივმა სიამოვნებითა სთქვა:
– ძლივს შუბლგახსნილი არა ვნახე!’’
ბედნიერი იყო!
მკაცრ, გაუცინარ გიორგისაც კი, სიხარულის ნაპერწკალი უნთებდა თვალებს, რადგან იცოდა, რომ ამიერიდან სატრფოს სახეს შორიდან, მაგრამ რაც მთავარია ხშირად დაინახავდა..
ასეთი მარტივი გგონიათ?!
დაინახავდა და ბედნიერი იქნებოდა, არა?!
მე ვიცი რას გრძნობდა გიორგი!
მე ვიცი, რას გრძნობენ, როცა ტრფობის ალი შორიდან სწვავთ და ახლოს მისვლას ვერ ბედავენ!
იცით?! გიორგისა და კესოზე რომ ვფიქრობდი, ერთი ამბავი გამახსენდა, რომელიც ადრე ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა მიამბო.. თურმე, ერთხელ კლდეს ტალღა შეჰყვარებია! მძვინვარე, ბობოქარი ტალღა, გამუდმებით ეხეთქებოდა და ნელ-ნელა შლიდა, აქრობდა გამიჯნურებულ კლდეს.. მიუხედავად ამისა, კლდე მაინც არ ტოვებდა სატრფოს, გულის სწორის ხილვისთვის თავსაც სწირავდა.. გაგეცინათ?! გიკვირთ, ასეთ სასტიკ, თითქოს მაზოხისტურ გრძნობას სიყვარულს როგორ უწოდებენ?! მენდეთ, ეს გრძნობა ნამდვილია!
ყველაზე რთულია შორიდან სიყვარული!
წარმოდიგინე, გიყვარს, მისი გამოჩენა შენთვის უკუნით ღამეში სინათლის სხივის ხილვის ფასია, მაგრამ ახლოს ვერ მიდიხარ….
უყურებ, ტკბები, შორიდან ეალერსები….
ყველაზე რთულია გიყვარდეს ადამიანი ისე, რომ მისი მზერისთვის ცხოვრების დათმობაც შეგეძლოს, მაგრამ არ გქონდეს მასთან ყოფნის ძალა, ანდაც უფლება..
ყველაზე მეტად, იცით, რომელი ეპიზოდი მიყვარს ამ ნაწარმოებში?! როდის დავინახე ყველასგან განსხვავებული, უბრალო და სპეტაკი გრძნობა, რომელსაც გიორგი კესოს მიმართ განიცდიდა?!
მისი სიკვდილის სცენაში!
„— ეგ იყო ჩემი ბედისწერა… არა ვნანობ, არა! “
“— აი, ნეტავი ერთი შენს კალთას მაინც მამთხვევინა და ისე მომკლა!..”
კვდებოდა ახალგაზრდა კაცი, თუმცა საკუთარ თავზე დარდისა და ოხვრის მაგივრად სატრფოს ცქერით უნდოდა სული დაელია!
“კესო ტირილით მივარდა და თვალ-ცრემლიანმა შუბლზედ აკოცა გიორგის… თავი რომ აიღო, ცრემლი მოსწყდა და მომაკვდავს გულზედ დაეცა.. ამ პატარა უეცარმა ცრემლმა ერთხანად შესძრა გიორგი და შეაჟრჟოლა.. ეს ცრემლი თითქო უკვდავების წყაროდ ებკურა, იამა, გაუხარდა, მოსულიერდა, თითქო მიმავალი სიცოცხლე უკანვე დაუბრუნდაო.”
ხედავთ?! ახლა ხვდებით, რატომ ვამბობდი, გიორგის სიყვარული ყველაზე სპეტაკი და ნაზიათქო?!
განა, რა არის იმაზე ლამაზი სანახავი სიკვდილის წინ, ვიდრე სატრფოს ხატება..
დიდი კონსტანტინე გამსახურდიას უკვდავი რომანის გმირისგან, მეფე გიორგისგან განსხვავებით, ოთარაანთ ქვრივის ვაჟს სიკვდილში ბედი ჰქონია, რადგან საგზლად სატრფოს მზერა და ცრემლი მიჰქონდა…
მედი გუმბერიძე 🌸