სიყვარული ხან თბილი სიოა, რომელიც გაზაფხულის დილასავით გვატკბობს, ხან კი ქარიშხალი, რომელიც შინაგან სამყაროს მთლიანად გვიცვლის… როგორც გრძნობა, ხან მშვიდია და მყუდრო, ხანაც მძვინვარებს.. ის არ შეიძლება მხოლოდ ერთი კონკრეტული ემოციის შედეგი იყოს.. ისაა ჰარმონია, რომელიც ნიუანსებს ქმნის ყველგან – მუსიკაში, სიტყვებში, ცაზე, ფერებში და ჩვენს სუნთქვაში.. თითოეული ჟესტი და ღიმილი, თითოეული დუმილი, სიყვარულის ახალი გაგების ნაპერწკალია..
მგონია, რომ სიყვარული ბევრჯერ იმ მომენტში იბადება, როცა ჩვენი მეხსიერება და სინათლე, ერთდროულად, ერთმანეთს ერწყმის.. ის ცაში გაწვდილი მელოდიაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმით ჩნდება.. ის არის მარადიული მოგზაურობა, რომელიც ადამიანს სულიერი სიმაღლისკენ მიუძღვის.. ის ჰარმონიის ძიებაა — ხან ბუნებაში, ხანაც პოეზიის სტრიქონში..
სიყვარული, ვარსკვლავებს შორის სამყაროს უსასრულობის პოვნის პირველი შეგრძნებაა..
ეს არის მომენტი, როცა გრძნობები ერთმანეთში ირევა და თითქოს მთელი სამყარო შეჩერდება, სანამ, ეს ნათელი ენერგიით სავსე ეიფორია, ბოლომდე დაიფანტება..
როდესაც ვფიქრობ სიყვარულზე, ვხვდები, რომ ის არსად სრულყოფილად არ არსებობს.. ის, არც ერთ მომენტში არ არის მხოლოდ სიხარული, ან მხოლოდ ტკივილი.. ის არის მუდმივი მოძრაობა, რომელიც ადამიანის ხასიათით მოქმედებს… ტკივილისა და ბედნიერების ერთდროულობა მისი ყველაზე უცნაური ნაწილია.. ვგრძნობთ, რომ მისი ძალა მხოლოდ მაშინ ისაზღვრება, როცა მას ყველაფერში ვპოულობთ..
სიყვარულს ხელოვნებისგან არ განვასხვავებ.. რაც პოეზიაში სუნთქავს, სიცოცხლეს ბადებს სიყვარულშიც.. ის ტალღაა, რომელიც ჩვენს გულებს აღწევს და სინათლეს გვჩუქნის..
ხელოვნება, სიყვარულივით ამოუცნობი და საოცარია.. ორივე თავის თავში ატარებს ტკივილს, სიხარულს და იმ სიღრმეს, რასაც მხოლოდ სრულყოფილი გულები გრძნობენ.. სიღრმე, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქართველ პოეტთა გონებასა და გულში იღვრებოდა.. ეს გრძნობა არა მხოლოდ პირადი, არამედ თითქოს ეროვნული სულის ნაწილიცაა..
„სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!..“ – წერდა ალექსანდრე ჭავჭავაძე და თითქოს ამ გრძნობის მთელი სიდიადე ამ სტროფში მოაქცია..
მიყვარს პოეზია, რადგან მისი პალიტრა ყოველთვის იმავე სითბოშია მოქცეული, როგორც სიყვარული..
„უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ..
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.“ – წერდა გალაკტიონი და გვასწავლიდა, რომ სიყვარული ადამიანის სულიერი სიღრმის გამოცდაა.. ის არის გრძნობა, რომელიც ადამიანს თავის თავში ჩაღრმავებას აიძულებს და მტკივნეულად, თუმცა ახალ სიმაღლეებზე აჰყავს..
“არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა
მოკვდავთა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!..” – წერდა სიყვარულის ფილოსოფოსი – ნიკოლოზ ბარათაშვილი! მისთვის ეს გრძნობა არის ადამიანის განვითარების უმაღლესი საფეხური, რომლის საშუალებითაც, სული უსასრულობას უახლოვდება.. ბარათაშვილისთვის სიყვარული უმძაფრესი განცდების შეჯახებაა, სადაც ტკივილი და სიხარული ერთდროულად იბადება, მაგრამ საბოლოოდ ადამიანი, ამ გრძნობას კვლავ დაჰყურებს, როგორც სულის ამაღლებულ მეხსიერებას..
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მუდმივი მგზავრობის მსგავსია.. ის არ ხდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ “მომენტში”, არამედ ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც მის გამოჩენას იწვევს.. თითოეული დღის დასაწყისში, სამყაროსთან ერთად, სიყვარულიც ახალ გზას იწყებს.. სიყვარული „მომენტი“ კი არა, მთლიანად სამყაროა, რომლის გაგება ძალიან რთულია, თუმცა მაინც ყველგან არის..
სიყვარული, როგორც სარკე, გვიჩვენებს იმას, ვინ ვართ სინამდვილეში.. ეს კი გამბედაობას მოითხოვს.. ეს არის გზა, რომელიც გვაერთიანებს ჩვენს თავთან, ადამიანებთან და ცხოვრებასთან.. ნამდვილი სიყვარული ურთიერთობის სინამდვილეში ჩანს..
ეს არის ყველაზე ძლიერი ძალა, რომელიც არსებობას აზრს აძლევს..
ეს არის სიღრმე, რომელიც სულის საზღვრებს სცდება და გრძნობას უსასრულობაში აგზავნის..
ეს არის გრძნობა, რომელიც ფერადოვან ტალღებად იბადება..
ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შინაგანად აშენებს!
სიყვარულით,
ნინო კიზირია🌸