სიყვარულის უფლება..

სიყვარულის უფლება..

დიდოსტატის მარჯვენას ვკითხულობდი..
ვინ მოთვლის, მერამდენედ ვკითხულობ ამ დიდებულ ნაწარმოებს და ყოველ ჯერზე, ისეთ დეტალს ვპოულობ, რისთვისაც აქამდე განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია..

დღეს თვალში შორენას ფრაზა მომხვდა, რომელიც მიჯნურთან სიყვარულში მხილებისას იყო წარმოთქმული..
„ქალის გაჩენაში ალბათ ღმერთი არ გარეულა, უტა. მიჯნურს, გული აურჩევს საკუთარი დიაცს, ხოლო საქმროს მშობლები და მდგომარეობა.“- ამ ნაწარმოებს სხვა დროს მივუბრუნდეთ, დღეს კი მინდა ერთი ლამაზი, მაგრამ ძალიან სევდიანი ამბავი მოგითხროთ, რომელიც კოლონკელიძის ქალის ფრაზამ გამახსენა.. 

როდესაც სევდიან სიყვარულზე ვფიქრობ, პირველ რიგში ყოველთვის გედიასა და მარიტას ამბავი მახსენდება.. თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხე” ხომ გახსოვთ, რომელიც გიორგი ლეონიძის შესანიშნავი მოთრობის მიხედვით არის შექმნილი?! მაშინ ისიც გემახსოვრებათ, რამდენად ლამაზად, ბავშვურად, სათუთად უყვარდათ იმ ორ უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილთ ერთმანეთი…

ლამაზი იყო მათი სიყვარული! გაზაფხულის სურნელის მსგავსი.. თავისუფალი, ლაღი, უბოროტო….
ლამაზი იყო მარიტაც, რომლის მშვენებას ტრფობის სხივი მეტ ეშსხს სძენდა..
მაგრამ, განა ბედმწერი ასე მარტივად მისცემს ვინმეს ბედნიერების უფლებას?! 

მარიტა მაშინ კი არ მოკლეს, ვირზე უკუღმა რომ შემოსვეს და მთელ სოფელში ასე დაატარებდნენ, არამედ მაშინ, როდესაც შეთეს შერთეს ცოლად, რადგან ადამიანს მიჯნურთან გაყრის შემდეგ სული უკვდება და მითხარით, უკვე გარდაცვლილს, უკვე დასამარებულს მეორედ როგორღა მოკლავდა სოფელი?!

არ გჯერათ, რომ შეყვარებული კაცი სატრფოსგან შორს ვერ ცოცხლობს?! ვერც ტარიელის გოდებამ დაგარწმუნათ ამაში?! მაშინ მარიტასა და გედიას ქორწინების შემდეგ შეხვედრას უყურეთ თავიდან, რომელიც ორივესთვის საბედისწერო აღმოჩნდა და იქაც, თუ ვერ დაინახავთ, როგორ ცოცხლდება უკვე გარდაცვლილი, უკვე დასამარებული გოგონა მიჯნურის ხილვისთანავე, მაშინ თქვენ ან სიყვარულის არ გწამთ, ან კიდევ-თვალთა ხედვა დაგბნელებიათ!

მარიტა სოფელს არ მოუკლავს! 
მარიტა ტალახიანი, გათელილი, შეურაცჰყოფილი არ მომკვდარა!

თეთრი კაბით, თავზე გვირგვინით იდგა სიკვდილთან უკვე დაჭრილი, ძალა გამოცლილი, განადგურებული..

მარიტა მაშინ მოკლეს-შეთეს რომ შერთეს ცოლად!
შემდეგ მხოლოდ მისი ლეში იყო, რომელიც სოფელმა გათელა, ის სილამაზე, რომელსაც ერთ დროს ასე ეთაყვანებოდნენ – ლაფში ამოსვარა.. 

ის კი, უკვე იმ ქვეყნად ემზადებოდა სატრფოსთან შესაყრელად…..

ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენი შორენა, რამდენი მარიტაა ჩვენს გარშემო?! “თითქოს თანამედროვე სამყაროში”, რამდენი ქალი ვერ ახერხებს სატრფოსთან ყოფნას სხვადასხვა მიზეზების გამო?! არ მითხრათ, ახლა სხვა დროა, ახლა ის შესაძლებლობები აქვთ, რაც მაშინ არ ჰქონიათო, რადგან ჩვენს რეალობაშიც ბევრია იძულებით გათხოვილი, სულიერად განადგურებული და ალბათ არ გაგიკვირდებათ, ყოველივე ამის მიზეზი ხშირად მათივე ოჯახები რომ არიან.. დიახ, სწორედ ის ოჯახები, რომელთა გამოც ვერ ბედავენ დაკარგული სიყვარულის ან ბედნიერების დაბრუნებას.. 

რას იზამ, ყველა “ძლიერი გოგო” ვერ იქნება! ყველა ვერ შეძლებს ოჯახისგან გარიყულად ცხოვრებას და ხდება მარიტა! 

სამწუხაროდ, ჩვენს დროშიც, სიყვარულსა და ბედნიერებას კვლავაც ბარიერებს უქმნიან სოციალური წესები, ოჯახური პასუხისმგებლობები და ადამიანთა მოლოდინები.. მარიტასა და გედიას ტრაგიკული ისტორია, შორენას სიტყვები, თუ სხვა მრავალი ასეთი ისტორია, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სიყვარული თავისუფლების, არჩევანისა და საკუთარი ბედნიერების უფლებაა, რომელშიც სხვა ვერ ჩაერევა..

დედებო, მამებო, ბებია-ბაბუებო და ყველა, ვისაც “სიტყვა გეთქმით”  მიჯნურთა დაშორება-შერიგების საკითხთან დაკავშირებით.. მიეცით რჩევა, გაუზიარეთ საკუთარი, როგორც მშობლის გამოცდილება, მაგრამ ნუ ჩაერევით მათ არჩევანში! არ მოგწონთ მისი რჩეული?! იმდენი ნაკლი აქვს, რომ ცხოვრება გაურთულდება?! მისი შესაფერისი არ არის?! 

თავად გადაწყვეტს! თავად იქნება პასუხისმგებელი იმ არჩევანზე, რომელსაც გააკეთებს… 

შეცდება?! მისი შეცდომა იქნება! 

ნუ ჩაერევით საკუთარი შვილებისა თუ შვილიშვილების გადაწყვეტილებაში და ნუ მოკლავთ მათ სიყვარულს ისე, როგორც ოდესღაც ულამაზესი მარიტას სპეტაკი სიყვარული მოკლეს….

სიყვარულით,
მედი გუმბერიძე