„როცა სიბერე კარს შემოგვიღებს და ცხოვრების მძიმე ტვირთისაგან დაუძლურებული, შენთვის ყვავილების მოტანასაც ვეღარ შევძლებ, გახსოვდეს, რომ მე შენ ყოველთვის მეყვარები!“
დღეს ისევ ვერ მიცანი!
გზააბნეული თვალებით უმისამართოდ იყურებოდი.. ოთახიდან-ოთახში მოუსვენრად დადიოდი..
„სად არის ჩემი ცოლი?“ „ქალბატონო, ჩემი მეუღლე არ გინახავთ?“ არ წყდებოდა კითხვები, მე კი მათზე პასუხის გაცემა ნელ-ნელა მშლიდა, მანადგურებდა..
აქ ვარ! შემომხედე! შენი ცოლი ვარ! შენი საყვარელი ქალი ვარ! დამინახე!
მაგიდას რომ მივუსხედით და ჩემს მიერ დაჭრილ პურს შეეხე, წამით თვალებში ძველებური სითბო გაგიკრთა.. თითქოს მიცანი, გამიხსენე.. მოულოდნელად გამიღიმე, ჩემი ხელი ძველებურად შენსაში მოიქციე და მეამბორე..
„ისევ ყველაზე ლამაზი ხარ, ჩემო ქალბატონო! წლებმა ვერაფერი დაგაკლო.“
თითქოს უბრალო სიტყვებით, რომელსაც ადრე ყურადღებას დიდად არც ვაქცევდი იმდენად ჩვეული, ყოველდღიურობის ნაწილი იყო, მთელი დღის ხალისი და ენერგია მომეცი!
როიალს მივუჯექი, შენი საყვარელი მელოდია უნდა დამეკრა.. ყოველთვის გიყვარდა ჩემი მოსმენა როცა ვუკრავდი.. გახსოვს, ერთად რომ ვმღეროდით?! ღრმად ამოისუნთქე, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობდი.. მეც შენი შემხედვარე უფრო და უფრო მეტი ემოციით ვაგრძელებდი დაკვრას..
„შეწყვიტეთ! სასწრაფოდ დატოვეთ ჩემი სახლი! გათავისუფლებული ხართ!“ ისევ დამეკარგე…..
რამდენიმე წამში შენთვის ისევ უცხო გავხდი.. ის ქალი, რომლის ხატებაც წლების წინ შენი სალოცავი იყო, ვერ გამიხსენე….
შენი სიტყვები, ეს დაბნეული მზერა გულს მიწვავს, თუმცა ყველაფერს, ისევ ჩემთვის ვინახავ, არ მინდა უარესად აგრიო, განერვიულო.. გიღიმი….
„მაპატიეთ, თუ რამე შემეშალა!“ სული მიმძიმდება ასეთს რომ გხედავ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვერ მიგატოვებ!
ნელ-ნელა წამოვდექი, როიალს მოვშორდი, შენ კი კვლავაც სხვაგან იყურებოდი ისე, თითქოს ვიღაცას ეძებდი..
„სად არის ჩემი ცოლი?“- ჩაიჩურჩულე, ახლა უკვე მშვიდად, ბავშური გაურკვევლობით.. ჩემკსენ აღარ გამოგიხედავს…..
ღამე, ბევრი წვალებისა, თუ ახსნის შემდეგ ძლივს რომ ჩაგეძინა, თავთან ჩამოგიჯექი და იმ ხელზე გეფერებოდი, მთელი ცხოვრება ჩემთვის რომ გქონდა ჩაკიდებული.. ალბათ შეხებამ გამოგაფხიზლა….
„მოხვედი?! მოდი, დავიძინოთ, ჩემო გაზაფხულო!“
დავიღალე! ყოველდღე შენი ძებნით დავიღალე, მაგრამ დანებების უფლება არ მაქვს!
მე შენ მიყვარხარ!
მიყვარხარ მაშინაც, როცა შენს არეულ თავში აღარ ვჩანვარ..
მე შენ მიყვარხარ!
და სწორედ ამიტომ, მზად ვარ ყოველდღე გაგახსენო ის, თუ რას გრძნობ ჩემს მიმართ და თუ საჭირო გახდა-ახლიდან შეგაყვარო თავი!
როცა სიბნელე სულს მიმძმებს, როცა ვფიქრობ, რომ მეტის გაძლება აღარ შემიძლია, შენი ერთი შემოხედვა, ერთი ფრაზაც – „ყველაზე ლამაზი ხარ, ჩემო ქალბატონო!“ -საკმარისია, რომ ბრძოლა უწინდელი შემართებით განვაგრძო..
გახსოვარ, თუ არა, შენს მეუღლედ მხედავ, თუ უბრალო დამხმარე ქალად (ან საიდანღაც შემოპარულ ქურდად) – შენს გულში ჩემი სახელი ყოველთვის წარუშლელად ეწერება, რადგან ნამდვილ სიყვარულს ერთხელ რომ შემოუშვებ გულში, იქიდან ვეღარაფერი ამოშლის!