Vivienne Westwood – პანკი, მსოფლიო კულტურის ნაწილად..

Vivienne Westwood – პანკი, მსოფლიო კულტურის ნაწილად..
ავტორი: მარიამ მებუკე

ძვირფასო მკითხველო,
არსებობენ ისეთი დიზაინერები, რომლთა ხელოვნება სამოსზე ბევრად მეტს გამოხატავს..
ჩემთვის, ვივიენ ვესტვუდია — ქალი, რომელმაც პანკის ესთეტიკა, მსოფლიო კულტურის ნაწილად აქცია და თავისი სტილით, დაუმორჩილებლობითა და სიყვარულით ეპოქა შეცვალა..

ვივიენი ჩემთვის მხოლოდ დიზაინერი არ არის. ის ქალის თავისუფლების, გამბედაობისა და სიყვარულის რევოლუციის სიმბოლოა.. მისი ცხოვრება სიყვარულით, ვნებითა და მოდის ექსპერიმენტებით იყო სავსე და ეს ყოველივე მისი დიზაინის თითოეულ დეტალში იგრძნობოდა.

ვივიენის ამბავი, მხოლოდ პანკის დაბადების ან მისი რევოლუციური კოლექციების შესახებ არ არის. ეს არის ამბავი ქალზე, რომელმაც არ მიიღო წესები და არ შეუშინდა სიყვარულის ბობოქარ ძალას.

მოდი, გავიხსენოთ მისი ორი მთავარი სიყვარული და ის, თუ რა გავლენა ჰქონდათ მათ მის ცხოვრებასა და ხელოვნებაზე.

პანკი, პროტესტი და მალკოლმ მაკლარენის ბობოქარი სიყვარული

1970-იანი წლების ლონდონი ცვლილებების ეპოქას განიცდიდა.. ახალგაზრდობა წინააღმდეგობას უწევდა იმ ტრადიციულ ნორმებს, რომლებმაც მათი მშობლების თაობა შეზღუდა . სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ ვივიენ ვესტვუდი და მალკოლმ მაკლარენი — წყვილი, რომელმაც მოდასა და მუსიკაში რევოლუცია მოახდინა.

მალკოლმი ვივიენისთვის მხოლოდ შეყვარებული არ ყოფილა. ის იყო  თანამზრახველი, პარტნიორი პანკის მოძრაობის შექმნაში და იმ ქარიშხლის ნაწილი, რომელმაც მოდას ახალი ფერი და ხასიათი შესძინა. მათ ერთად გახსნეს ლონდონის ეპოქალური მაღაზია “SEX”  — ადგილი, რომელიც სექსუალური თავისუფლების, პროვოკაციისა და პროტესტის სიმბოლო გახდა.

ვივიენ ვესტვუდი ქმნიდა დიზაინს, რომელიც არ ჰყვებოდა იმდროინდელ ტენდენციებს — ტყავის ჟაკეტები, ჯაჭვები, ჯინსის შორტები და ტანსაცმელი სლოგანებით, რომლებიც მაშინდელი წესრიგის წინააღმდეგ აჯანყებას გამოხატავდა. მათი მაღაზია იყო ადგილი, სადაც იქმნებოდა ახალგაზრდული სუბკულტურა — პანკი. 

ამ დიზაინის უკან კი ვივიენის სიყვარული და მრისხანება იდგა და მალკოლმთან მისი ვნებიანი ურთიერთობა ამ მრისხანებას აღვივებდა.

მალკოლმ მაკლარენთან კავშირი ვივიენისთვის ერთგვარი სასიყვარულო ომი იყო — ბრძოლა თავისუფლებისთვის და იმ ადგილისთვის, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა.. თუმცა მალკოლმის დომინანტურმა ხასიათმა და სურვილმა, ყველაფერი კომერციად ექცია, მათ შორის პანკიცა და ეს სიყვარულიც დასასრულამდე მიიყვანა. მიუხედავად დაშორებისა, მალკოლმი ვივიენის ცხოვრებაში დარჩა, როგორც მისი პირველი დიდი ვნება და იმ ეპოქის სიმბოლო, რომელმაც ვივიენს გზა გაუკვალა.

ახალი სიყვარული: ანდრეას კრონტალერი და შემოქმედებითი პარტნიორობა

ვივიენის ცხოვრებაში მალკოლმის შემდეგ, მეორე დიდი სიყვარული, ავსტრიელი დიზაინერი ანდრეას კრონტალერი გახდა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა საზოგადოების ყურადღებას ხშირად იქცევდა, თუმცა ეს სიყვარული ნებისმიერ კრიტიკაზე ბევრად დიდებული და თავისუფალი იყო.

ანდრეასი და ვივიენი იმაზე მეტი იყვნენ, ვიდრე უბრალოდ წყვილი. მათი ურთიერთობა საოცარი ჰარმონიის და შემოქმედებითი პარტნიორობის მაგალითი გახდა.. ანდრეასი ვივიენის მუზად იქცა. მისი მხატვრული გონება ახალ ნიშას ქმნიდა, სადაც პანკი გოთიკურ და ისტორიულ ელემენტებს ერწყმოდა.

ეს ურთიერთობა განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ მათი დიზაინიც ერთმანეთის გავლენას ატარებდა. ვივიენის კოლექციებში გამოჩნდა უფრო რბილი, გოთიკური სილუეტები, ხოლო ანდრეასმა მისი ექსტრავაგანტული მიდრეკილებები ახალი სიმაღლეებისაკენ წარმართა. მათი ურთიერთობა მხოლოდ პროფესიული არ ყოფილა. ის სიყვარულისა და თავისუფლების ჰარმონია გახდა, რომელმაც ვივიენის შემოქმედება უფრო ღრმა, მრავალფეროვანი და ემოციური გახადა.

ვივიენის ცხოვრება სავსე იყო ჩუმი ღამეებით, საიდუმლო წვეულებებით, აკრძალული ვნებებითა და სასიყვარულო იმპულსებით, რომლებიც მის პირად ცხოვრებასა და დიზაინს გასდევდა. ვივიენის ტანსაცმელი თავად ყვებოდა იმ ამბებს, რომელთა თქმა სიტყვებით არასდროს უცდია — ეს იყო მისი პირადი სევდის, ვნებისა და გამარჯვების დღიური-დაწერილი ქსოვილებითა და ფერებით.

მისი ექსტრავაგანტული ქუდები, თამამი კაბები და გოტიკური აქსესუარები ასახავდა იმ შინაგან ქარიშხალს, რომელსაც ვივიენი სიყვარულითა და თავისუფლებით მართავდა. მისეული “ანა კარენინას” ისტორია იქცა სამოსად, რომელიც სილამაზის და ტრაგედიის ჰარმონიას ასხივებდა.

თავისუფლების გაკვეთილი: სიყვარული როგორც რევოლუცია

ვივიენ ვესტვუდმა გვასწავლა, რომ სიყვარული და თავისუფლება ერთმანეთს ავსებს. მისთვის სიყვარული არ იყო მხოლოდ ტრადიციული ურთიერთობა — ეს იყო ვნება, თავისუფლება, ამბოხი და მრისხანება. ის იყო ქალი, რომელმაც თავის გზას არ უღალატა და ყოველი ახალი ურთიერთობით უფრო ძლიერი ხდებოდა.

მისი ცხოვრება გვასწავლის, რომ სიყვარული შეიძლება იყოს რევოლუციური – ისეთივე დაუმორჩილებელი, როგორც პანკი — მაგრამ ის მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა თავისუფლებისთვის იბრძვის..

თქვენთვის რა არის სიყვარული – ტრადიცია, ვნება თუ ვივიენის მსგავსი ამბოხებული თავისუფლება?

გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენი სიყვარულის ისტორია იყოს ნამდვილი — და ის, ვინც გულწრფელად გიყვართ, თქვენს ცხოვრებაში რევოლუციას აუცილებლად მოახდენს.

სიყვარულით,
მარიამი 🌸