ავტორი: მარიამ მებუკე
ძვირფასო მკითხველო,
მოდის სამყაროში, ზოგიერთი ისტორია სიყვარულის ნოტით იწყება, შემდეგ რთული ემოციებით ივსება და სრულდება.. რთული ემოციები ხან საკუთარ თავში ჩაკეტვას და სრულ იზოლაციას იწვევს საზოგადოებისგან, ხან კი პირიქით, იმ აფეთქებას წარმოშობს, რაც ჯერ საკუთარ გრძნობებში, თავსა და შესაძლებლობებში რწმენას და სიძლიერეს ანვითარებს, შედეგად კი, ისეთ ნაბიჯებს გადგმევინებს, რაც სიყვარულის შენარჩუნებასთან ერთად, საერთო საზოგადოებრივ აღიარებასაც განიჭებს..
ასეთი იყო ივ სან-ლორანის ცხოვრება — კაცის, რომელმაც, არა მხოლოდ დიზაინის ხელოვნება გარდაქმნა, არამედ საკუთარი ცხოვრებისეული ბრძოლები საოცარ კოლექციებად აქცია!
სან-ლორანი 21 წლის იყო, როცა Dior-ის მოდის სახლის ხელმძღვანელად დაინიშნა, მაგრამ ეს წარმატება მარტივი არ ყოფილა.. მხოლოდ რამდენიმე წელს გაგრძელდა.. არსებულ დაძაბულობას კი საფრანგეთ – ალჟირის ომი სდევდა ფონად.. საფრანგეთის სამხედრო სამსახურში სან-ლორანიც გამოიძახეს.. დიორის სახლი კი, სან-ლორანის ჩანაცვლების მოტივით, სახელმწიფოს ხელშემწყობი აღმოჩნდა ახალგაზრდა დიზაინერის ომში გაგზავნაზე..
სამხედრო ძალებში, მის მიმართ დაუსრულებელმა შეურაცხოფის, დამცირების, შევიწროვების ფაქტებმა, ახალგაზრდა დიზაინერი იმ ემოციურ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გარდაუვალი გახდა.. ჯერ ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც შეიტყო, რომ დიორის სახლიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუარესების გამო, ვალ დე გრასის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც სხვადასხვა, ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტებით და ელექტროშოკური თერაპიით მკურნალობდნენ..

ემოციური სამყაროს დრამატული ნარევი, ყოველთვის იგრძნობოდა მის შემოქმედებაში.. მისი ცხოვრების შემდგომ პერიოდშიც კი, ფსიქიკური პრობლემების და ნარკოდამოკიდებულების არსებობას, თავად სან-ლორანიც მისი ცხოვრების ამ პერიოდს უკავშირებდა.. მისი სიყვარულის ისტორიაც სამწუხაროდ, ამ განვლილ ტრავმებს შეეწირა.. თუმცა მისი ცხოვრების სიყვარული, პიერ ბერჟე, სან-ლორანის დაცვის მექანიზმი და ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი აღმოჩნდა!
სან-ლორანი, ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში წასვლამდე, დიორის სახლის ხელმძღვანელი იყო, როდესაც პიერ ბერჯეს, პარიზში, რესტორან La Cloche d’Or-ში, მათი საერთო მეგობრის მიერ გამართულ ვახშამზე შემოხვდა.. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარების და გვერდში დგომის ის შემთხვევა, რომელიც ნახევარ საუკუნეს გაგრძელდა.. დიახ, სწორედ ბერჟეს მხარდაჭერით, სან-ლორანმა თავისი საკუთარი, სან-ლორანის მოდის სახლი დააარსა.. იმპერია, ბერჟესთან ერთად!
ერთმანეთის სიყვარულში გაატარეს ცხოვრების 50 წელი! ბევრი ცრემლით, დაშორებით, გულის ტკენით და დიდი განცდებით, მაგრამ ბოლომდე შეინარჩუნეს ის სიყვარული, რომელმაც მაშინ, 1958 წელს, იმ ვახშამზე ორივე მოიცვა..
სან-ლორანისა და ბერჟეს ურთიერთობა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მხოლოდ რომანტიულ კავშირს.. ბერჟე მისი მენეჯერი, მეგობარი და ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო.. თუმცა მათი თანაცხოვრება გამუდმებული ბრძოლებით იყო სავსე.. ვნება და ღალატი, საქმე და ბიზნესი, თვითმკვლელობის მცდელობები და ბრაზის შემოტევები, გაქცევები.. ბევრი გაქცევები.. ჩაბარგებით და წასვლით! სან-ლორანი ხშირად ებრძოდა შფოთვასა და დეპრესიას, რაც მას არამარტო ემოციურად, არამედ ფიზიკურადაც აცლიდა ძალებს.. თუმცა საბოლოო ჯამში, მათი სიყვარულის ტვირთით გამოწვეული აუტანლობის მიუხედავად, ბერჟე, სან-ლორანს ყოველთვის გვერდში ედგა!
“ყველაფერი გავაკეთე სიყვარულისთვის, ისე, რომ არასოდეს მივეცი ივს, ჩვენი სიყვარულის წაშლის და განადგურების უფლება.. მხოლოდ ჩემმა სიცხადემ, ჩემმა ცივმა გონებამ, მომცა საშუალება წინააღმდეგობა გამეწია და საკუთარი თავი გადამერჩინა” – პიერ ბერჟე, “წერილები ივს”

“Mondrian Dress” და სიყვარულის შთაგონება
1965 წელს წარმოდგენილი კოლექციიდან, რომელშიც 106 ნამუშევარი შედიოდა, სან-ლორანმა პატივი მიაგო მის საყვარელ მხატვარს – პიე მონდრიანს. მისი გეომეტრიული ნახატებით შთაგონებულმა (მხატვარი ამ მიმდინარეობას ნეოპლასტიციზმს უწოდებდა) სან-ლორანმა, კოლექციაში 26 ნამუშევარი ამ მიმდინარეობას დაუთმო და წარმოდგენილ საკოქტეილო კაბებს – *Mondrian Dresses* უწოდა.. სწორედ ბერჟეს მხარდაჭერამ მისცა შესაძლებლობა სან-ლორანს, მოდის სამყაროში არსებული ტრადიციული მიდგომები, ამ კოლექციის მეშვეობით ახალ ენად ექცია — მოდა, რომელიც დინამიურობას, კონტრასტსა და სიმარტივეს აერთიანებდა..
“მონდრიანი არის სიწმინდე, და მხატვრობაში ამაზე შორს ვერ წახვალ! მეოცე საუკუნის შედევრი არის მონდრიანი” – ამბობდა სან-ლორენი.
თუმცა ამ კოლექციის საიდუმლო, არა მხოლოდ პიე მონდრიანის მიმართ, დიზაინერის პატივისცემის გამომხატველია, არამედ, ბერჟესთან მისი ურთიერთობისაც.. სწორედ ამ მხატვრის ნამუშევრებია, რასთანაც წყვილი, ერთმანეთის მიმართ სიყვარულს აიგივებდნენ, და მარაკეშის სახლში, სადაც სან-ლორანი და ბერჟე დასახლდნენ, მონდრიანის სამ ნამუშევარსაც დაუდეს ბინა!
“Liberation Collection“ და პროვოკაციის ენა
1971 წელს სან-ლორანის სკანდალურმა “Liberation Collection”-მა საზოგადოებაში დიდი ხმაური გამოიწვია. ეს იყო დიზაინერის სიყვარულისა და თავისუფლების მანიფესტი! კოლექცია, რომელიც 1940-იანი წლების პარიზს იხსენებდა, ბევრისთვის შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული ჩანდა, მაგრამ სან-ლორანისთვის ეს იყო საკუთარი თავის გამოხატვის გზა. ამ პერიოდისთვის, დიზაინერი ნარკოდამოკიდებულიც იყო, ურთიერთობაც რთულად მიმდინარეობდა, თუმცა ბერჟე მას მხარს მაინც უჭერდა, როგორც ემოციურად, ასევე პროფესიულად.
მათი ურთიერთობა 50 წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.. მიუხედავად იმისა, რომ სკანდალური კოლექციის შემდეგ, წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს, ბერჟე სიცოცხლის ბოლომდე სან-ლორანის გვერდით იყო..
“მე ყოველთვის მის გვერდით ვიყავი და დღემდე მისით ვცოცხლობ” – განაცხადა ბერჟემ, 2008 წელს, როცა სან-ლორანი გარდაიცვალა.
ბერჟესთან ერთად სან-ლორანმა შექმნა მოდა, რომელიც არა მხოლოდ სილამაზეს ასახავდა, არამედ სიყვარულისა და ტკივილის რთულ ურთიერთობას. მათი ისტორია გვახსენებს, რომ ნამდვილ სიყვარულს შეუძლია, შექმნას ისეთი რაღაც, რაც დროს გაუძლებს და მომავალ თაობებს შთაგონებას მისცემს.
ხშირად ვუყურებ სან-ლორანის დიზაინებს და ვფიქრობ: რამდენად დიდი ძალა აქვს სიყვარულს — მას შეუძლია გაანადგუროს ან, პირიქით, რაღაც საოცარი შექმნას.
თქვენც ხომ გქონიათ მომენტი, როცა რთულ ემოციას ახალი, დაუვიწყარი რამ შეუქმნია? იქნებ ეს სიყვარული იყოს ან სხვა ძლიერი გრძნობა, რომელიც ცხოვრებას გარდაქმნის?!
სიყვარულით და შთაგონებით,
მარიამი 🌸