Zelda – მუზა თუ მსხვერპლი?

Zelda – მუზა თუ მსხვერპლი?
ავტორი: ნინო კიზირია

ზელდას გარეშე ფიცჯერალდი, ფიცჯერალდი იქნებოდა?

ზელდა სეირი და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – ლიტერატურის ყველაზე მბრწყინავი, “ჯაზ ეპოქის” ჯაზ წყვილი.. რომელთა ურთიერთობაც მღელვარე ოკეანეს ჰგავდა, სადაც აღტაცებას ქაოსი ენაცვლებოდა, ქაოსს – სიყვარული, სიყვარულს – თვითრეალიზაცია, თვითრეალიზაციაში ჩაკარგვას – მონატრება, მონატრებას კი განადგურება..

1918 წელი. მონტგომერი, ალაბამა..
ახალგაზრდა ზელდა სეირი – ადგილობრივი ელიტის თავქარიანი, დამოუკიდებელი და ულამაზესი წარმომადგენელი – შეხვდა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს “მონტგომერი ქანთრი ქლაბში” ცეკვის საღამოზე.. უზენაესი სასამართლოს ცნობილი მოსამართლის შვილი ზელდა, ამ დროს 18 წლის იყო, სკოტი კი 21-ის.. ესეც პოეტურია ჩემს თვალში, 1918 წელს 18 წლის ზელდა ხვდება მის სიყვარულს, 21 წლის ფიცჯერალდს, მათი რომანი კი, 21 წელს გრძელდება.. არა?
ფიცჯერალდი ამ დროს ალაბამაში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე ევროპაში რელოკაციის მოლოდინში იმყოფებოდა.. წერით მუდამ წერდა და მისი მოთხრობები სხვადასხვა ჟურნალებში ქვეყნდებოდა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობი მწერალი იყო საზოგადოებისთვის..

ცეკვის საღამოზე, ლეიტენანტის ფორმაში გამოწყობილმა სკოტმა, ზელდასთვის თავის მოწონება მისი მწერლობით სცადა..

“ყველაზე ლამაზი გოგონა, რომელიც ოდესმე მინახავს, მაშინვე მივხვდი: ის უბრალოდ ჩემი უნდა გამხდარიყო!”

ზელდაც მოიხიბლა სკოტით, თუმცა პრობლემას ქმნიდა ფიცჯერალდის ფინანსური მდგომარეობა.. ზელდა, ფიქრობდა, რომ სკოტი იმ მწერალთა კატეგორიას განეკუთვნებოდა ვინც, ჟურნალებში გამოქვეყნებული მოთხრობებით, წარმატების ილუზიებს იქმნიდა, ამიტომაც 1919 წელს, ომის დასრულების შემდეგ, სკოტის მხრიდან გაუთავებელ ხელის თხოვნებს ყოველთვის უარით პასუხობდა..

თუმცა, 1920 წლის დასაწყისში ფიცჯერალდმა პირველი რომანი „სამოთხის ეს მხარე“ გამოსცა.. წიგნმა ფაქტიურად ერთ ღამეში ჰპოვა დიდი აღიარება, სკოტს დიდი წარმატება მოუტანა და ნიუ-იორკში, ფინანსურ დამოუკიდებლობასთან ერთად, სელებრითული ცხოვრებაც აჩუქა.. ზელდას უარის თქმის მიზეზიც დავიწყებას მიეცა და წიგნის გამოცემიდან ერთ კვირაში იქორწინეს..

ნიუ-უირკის საზოგადოებაში ფიცჯერალდს და ზელდას – “ის” წყვილის სახელი დაერქვა.. სელებრითები.. ნამდვილი „ჯაზის ხანის“ პერიოდის სიმბოლოები..
ზელდას თვლიდნენ ფიცჯერალდის მთავარ მუზად, ყველა მისი რომანის ინსპირაციად.. და ასეც იყო.. ამიტომ მას ხშირად იწვევდნენ, იმ დროინდელ მედია გამოცემებში, სიყვარულზე, ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაზე სასაუბროდ..

მათი შვილის დაბადების შემდეგ, ზელდას მიერ წარმოთქმული სიტყვები, ფიცჯერალდმა პირდაპირ გამოიყენა მის უდიდეს ნაწარმოებში “დიდი გეთსბი”.. როდესაც დეიზის ქალიშვილი უჩნდება ის ამბობს:

“მიხარია რომ გოგოა, და ვიმედოვნებ, რომ სულელი იქნება. ეს ხომ საუკეთესო რამაა, რაც გოგოს შეუძლია ამ სამყაროში იყოს – ლამაზი პატარა სულელი”

ზელდას, იმ დროინდელი ცნობილი ჟურნალები, ფიცჯერალდის “თანაავტორადაც” მოიაზრებდნენ, თუმცა სინამდვილეში არავინ უარყოფს, რომ ზელდას პიროვნული მახასიათებლები იყო, ის, რაც ფიცჯერალდის მიერ, დაუვიწყარი პერსონაჟების შექმნის პროცესს განსაზღვრავდა და არა ზელდას თანა-ავტორული შესაძლებლობები..
ასეთი განცხადებებით გარემოცულს, სურვილი აღეძრა, მის მოთხრობებს და ჩანახატებს, ისევე დაემკვიდრებინა საპატიო ადგილი, როგორც სკოტისას.. ამაში ფიცჯერალდი არაერთხელ დახმარებია.. მეტიც, აგენტები, სკოტისთვის უთქმელად აწერდნენ მის სახელს ზელდას სტატიების თანაავტორად, თურმე, ჟურნალი, ასეთ შემთხვევაში უფრო ძვირად იყიდებოდა.. სამწუხაროდ საზოგადოებამ ზელდას ისტორიები გულთან ახლოს ვერ მიიტანა..

წყვილი ბევრს მოგზაურობდა – პარიზი, რომი, რივიერა..
შეიძლება ითქვას, რომ მათი ცხოვრება ერთი დიდი წვეულება იყო, რომელსაც თან ახლდა ვნება, ეჭვიანობა და სკანდალები… შვილი ძიძებს ებარა, სკოტი და ზელდა კი პარიზულ ბოჰემურ ცხოვრებაში იყვნენ გადაშვებულები.. არასდროს ჰქონიათ სახლი, ცხოვრობდნენ სასტუმროებში და ხარჯავდნენ იმაზე მეტს ვიდრე მათი საერთო შემოსავალი იყო..

ნიუ-იორკის მერე, ჯერ იყო პარიზი.. სადაც ფიცჯერალდი, ჰემინგუეის დაუმეგობრდა და მწერალთა წრეში ატარებდა დიდ დროს.. ზოგადად ბევრს სვამდა, ამიტომ გამომცემლობებსა და ჟურნალ-გაზეთებში “უპასუხისმგებლო ალკოჰოლიკი” მწერლის სახელიც კი დაარქვეს.. არც ზელდა აკლებდა მასთან ერთად გართობას..
პარიზიდან რომში გადასახლდნენ..
შემდეგ უკან პარიზში დაბრუნდნენ..
შემდეგ რივიერა, ისევ პარიზი, ნიუ-იორკი, პარიზი, რივიერა, პარიზი..
და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ზელდას მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის გამო, შვეიცარიის სანატორიუმში გადაყვანის აუცილებლობა არ დადგა..

ზელდა პარიზში ყოფნის დროს, ბალეტს ეუფლებოდა და თავისი ბოჰემური, თან სელებრითული ცხოვრების – დიდ სცენაზე გადატანა სურდა, თუმცა..
ზელდას ცხოვრება, რომლის დაწერასაც თვითონვე ცდილობდა, ნელ-ნელა გადაიქცა ფიცჯერალდის რომანების გვერდებად..

„ძვირფასო, ძალიან, ძალიან მაკლიხარ ახლა. მიყვარხარ და მინდა იცოდე, რომ  როცა შენთან ერთად ვიქნები, უშენობას ვეღარასდროს ავიტან. მე შენს გარეშე არაფერს წარმოვადგენ, თოჯინას ვგავარ, რომლადაც უნდა დავბადებულიყავი კიდეც, ალბათ. შენ ხარ ჩემთვის სიცოცხლის წყარო, ცხოვრების აზრი, სიმდიდრე და, რაც მთავარია, უძვირფასესი სიყვარული“, – წერდა ზელდა სკოტს.

მათი ცხოვრების მტკივნეული ეტაპი 1930-იან წლებში დაიწყო.. ზელდას შიზოფრენიაზე მკურნალობდნენ, ფიცჯერალდი ალკოჰოლიზმს ებრძოდა, თან მუზებს დაეძებდა.. რომანებს უწუნებდნენ, არც იყიდებოდა.. თავის რჩენა პატარა მოთხრობების გამოქვეყნებით უწევდა.. ის მუდამ ცდილობდა წერას, მაგრამ თითქოს მისი საუკეთესო წლები უკვე წარსულს ებარა..

ამერიკაში დაბრუნდნენ, მონტგომერიში სახლი იქირავეს..
ზელდა ხატავდა, სკოტი წერდა.. მაგრამ არაფერი..

რადგან მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შესაბამისი გარემო პირობები სჭირდება, მწერლის და მისი მეუღლის ცხოვრებაში კი რთული პერიოდი იდგა, 1932 წელს, ზელდა, ბალტიმორის სანატორიუმში გადაიყვანეს.. მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება ზელდამ სანატორიუმებში გაატარა.. დაახლოებით თექვსმეტი წელი..
ალკოჰოლიზმთან და ვალებთან მებრძოლი ფიცჯერალდი კი, ბოლოს ჰოლივუდში გადავიდა, ფრილანს სცენარისტად სამუშაოდ.. სადაც გულის შეტევით გარდაიცვალა 1940 წელს..

“ჩვენი ურთიერთობის პირველი წლები და მთელი ის დიდებული ამბები, რაც თავს გადაგვხვდა… ყოველთვის იარსებებს ჩემში.”

. . .
ზელდა სეირი მუზა იყო, თუ მსხვერპლი? იქნებ ორივე? იქნებ არც ერთი? იქნებ ის ქალი იყო, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა, საკუთარი ხმა ეპოვა, მაგრამ ეს ვერ შეძლო? ან იქნებ მისი სული თავადვე დაიკარგა იმ სამყაროში, რომელსაც თავიდან ასე განუზომლად აღმერთებდა?

ერთი რამ უდავოა – ზელდა სეირი მხოლოდ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მეუღლე არ ყოფილა.. ის თავად იყო თავისივე ისტორიის გმირი, ვინც არაერხელ გამოხატა მისმა მეუღლემ თავის ნაწარმოებებში, და ვისმა წარსულმა, თუ განვლილმა ცხოვრებამ უდიდესი კვალი დატოვა ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაზე.. 

ზელდა სეირი იყო ის ქალი, ვინც არაორდინარული ცხოვრებით იცხოვრა, მისი თავისუფალი ბუნებით მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე და რაც არ უნდა ყოფილიყო მისი როლი, ის იყო ფიცჯერალდის უდიდესი სიყვარული და ინსპირაცია.. ფიცჯერალდი კი, ალბათ, ვერ იქნებოდა ისეთი მწერალი, როგორიც იყო, რომ არა ზელდა სეირი მის ცხოვრებაში!

სიყვარულით,
ნინო🌸