თამარას სიყვარულის დღიური 📝

თამარას სიყვარულის დღიური 📝

DEAR DIARY..
ქარიან ამინდში, თან რომ წვიმს, მინუს რაღაც გრადუსია, ჩანთას დიდ, ფუმფულა ქურთუკზე, რომ ვერ იკიდებ, მკლავი ყოველ წამს ვარდება, თმიდან წინ ჩამოცვენილი ღერები ტუჩის გლოსზე გეწებება და თეთრი კედებით, რომ წყლით სავსე გუბეში ადგამ ფეხს, აი, ზუსტად ისე ვგრძნობ ამ წამს თავს..
წარმოიდგინეთ, მოუსვენრობისგან სკამზე, რომ ვერ ჯდები, წამოწოლაც არ შველის, ვერც დავალებებზე კონცენტრირდები, ფილმის ჩართვას გადაწყვეტ და იქ ვიღაცას ვიღაც უყვარდება, მერე შორდებიან, ვიღაც კვდება, ვიღაც ბედნიერია, შენ კი ზიხარ, საკუთარ სხეულში სულსაც ვერ იტევ, თითქოს ნაქირავები აქვს ტანი და თან დიდად არც კომფორტულადაა, სხვაგან ეძებს ბინას, ნაპოვნი ბინა კი ძვირია.

ჰო, შეყვარებული ვარ!

აბა, რომელ გრძნობას შეეძლება ასე გაგრძნობინოს თავი? ვიღაცის დაკარგვამ? სიკვდილმა? ბოროტებამ? არა… ყველაფერი სიყვარულისგან მოდის.. იმისგან გწყინს, ვინც გიყვარს, იმის გარდაცვალება გიღრღნის სულს ვინც გიყვარდა, იმაზე ბრაზობ ვინც გიყვარს.. აბა ვინც გვკიდია არ გვკიდია?!

კაი.. აღარ გვინდა ამდენი მეტაფორა და გეტყვით, ეგ ბინა ჩემთვის, ოთხი წლის წინ გაცნობილი ხუჭუჭა ბიჭია.

იცით, რამდენია 21 წლიანი ცხოვრების 4 წელი?
ჩემთვის მთელი ცხოვრება.. მთელი საღი აზროვნების, საღი მეხსიერებისა და გააზრებული სიცოცხლის ნაწილი..

შილაქის ფერი, რომ ვერ გადაგიწყვეტია და სვირინგს ამოიტვიფრავ საკუთარ სხეულზე, იქ, სადაც ყოველ წამს ხედავ.. მტევანზე! აი ასე მიყვარს.. არა, უფრო მეტად..

ხოდა, რატომ ვგრძნობ ამ წამს იმას, რაც დასაწყისში მოგიყევით? იმიტომ, რომ ხანგრძლივ ურთიერთობას – იდეალურობას იცით რა უკარგავს?? ზუსტად ის, რომ ოთხი წელია მიმდინარეობს..

მარტივად, რომ ვთქვა, ბევრი რამე გადავიტანეთ, ვიჩხუბეთ, ვილაპარაკეთ, მოვაგვარეთ, ავიტანეთ, ვაპატიეთ, ვითხოვეთ, ვიტირეთ, ვიცინეთ, სხეულები დავაახლოვეთ, ხელები ჩავკიდეთ, ტუჩები შევახვედრეთ…
როცა მორჩება ერთმანეთით აღტაცების პერიოდი და ურთიერთობა დროს უძლებს, ისეთი სირთულეები იჩენს თავს, რომლებიც თავიდან არ იყო.. ეს ცვლილებები, კი, გვაშინებს.. კითხვებს გვიჩენს და ეჭვებს ბადებს..

ისაა ნამდვილი სიყვარული, ამ ყველაფერს, რომ გაუძლებს, გადალახავს და მაინც მყარად იდგება თქვენს გულებში!

ზოგადად, მგონია, რომ ვისაც სიყვარულის განმარტება შეუძლია, მას ეს გრძნობა არ გამოუცდია, მაგრამ, ეს ის მინიმალურია, როგორც მე ვახასიათებ ამ გძნობას..

დრო გადის და აღარც წუთებია საკმარისი, აღარც საათები.. დღე, კვირა, თვე არ გყოფნის მასთან ყოფნა, არ გყოფნის მისი ყურადღება, არსაიდან მოდის ფიქრები..

დრო გადის და ფიქრობ, იქნებ აღარ უნდა? სხვა, რომ შეუყვარდეს? რატომ მითმობს მე მთელ ცხოვრებას? განა სხვა უფრო ლამაზი, ჭკვიანი გოგოები არ არსებობენ? მთელი ამ ნაგვით იტუმბავ ტვინს, მიუხედავად იმისა, რომ ღამით, როცა თავს ბალიშზე ვდებ, მაშინაც კი, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს, საკუთარ თვითშეფასებასა და მის ჩემდამი სიყვარულში ეჭვი არასდროს შემიტანია..

ბოლოს უბრალოდ ტოქსიკური ხდები… კი! მე გავხდი ტოქსიკური..

ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მე ვარ მისი დღე, ღამე, მზე და მთვარე.. ნუთელიანი პურიც და მისი სიმღერაც.. მომწამვლელი ფიქრებით ტვინი გავუბურღე, თავდაცვის პოზიციაში ვამყოფებ, თავის მართლება უწევს და ბოლოს, ტოქსიკურობა ანადგურებს ყველაფერს ერთად და ცალ-ცალკე.

იღლები შენც, საკუთარი ფიქრებით და ღლი მას, შენი ფიქრებით.

ჩემზე უარესები თუ კითხულობთ ამას, იფიქრებთ, თუ უყვარხარ არ დაიღლებაო, მერწმუნეთ, მე თავად მღლის ხოლმე ჩემი თავი. საკუთარი ფიქრები მინგრევს იმას, რაც საკუთარი გულით, სულით, ხელებით, თვალებით, ტვინით, სურვილით, შეგნებითა და ემოციით შევქმენი.

ვზივარ, გწერ შენ, თუ ვწერ შენთვის, ან არ ვიცი.. არც თქვენ იცით ჩემს ტვინში რა ხდება. ნეტა თვითონ რაზე ფიქრობს? ან თქვენ რას ფიქრობთ ჩემზე? მივწერ თუ არა? კი მივწერ, მაგრამ ვიცი არც თვითონ დააგვიანდება!

კიდევ ბევრ რამეზე მინდა წერა.. ჩემი გადაჭარბებული ფიქრი სიღრმეებში მთხოვს ჩასვლას, მაგრამ ვფიქრობ დღეისთვის საკმარისია..

სიყვარულით, სიყვარულისთვის..
თამარ ყაზაიშვილი 🪭