ქალი და ცრემლი – სისუსტე თუ სიძლიერე?!

ქალი და ცრემლი – სისუსტე თუ სიძლიერე?!
ავტორი: თამარ ყაზაიშვილი

დაზამთრდა..
აღარც მზის სხივი მაღვიძებს ფანჯრიდან, ნერვების მომშლელად რომ მაჭყიტებდა ხოლმე თვალებში.. ვეღარც ქურთუკის გარეშე გავდივარ გარეთ, უკვე კაშნეც მიკეთია.. გათბობაც ჩავრთე სახლში.. სახლს რომ ვტოვებ, ჯერ კიდევ ბნელა, გამთენიისას სამსახურში მივდივარ..
9 საათი ვმუშაობ და სახლში, ისევ დაბნელებულზე ვბრუნდები..
მაშინვე ნივთების მოწესრიგებას ვიწყებ, ვიმზადებ ვახშამს, მაშინვე ვრეცხავ ჭურჭელს, რომ არ დაგროვდეს, მაშინვე ვიწყებ ოთახში მტვერსასრუტის გამოყენებას, იატაკის მოწმენდას..
ბებიაჩემისა და დედაჩემის ყურებით, მეც ასეთი გავიზარდე..
მერე დაღლილი დივანზე მივსვენდები ხოლმე და ასე „უმიზეზოდ“ ვტირი კიდეც..

მერე, მალევე, მეორე დილისთვის ტანსაცმელს ვამზადებ, რომ დილას, ტანსაცმლის არჩევაში დრო არ დავკარგო და ეს სანუკვარი ძილისთვის გამოვიყენო.. ხომ იცით, დილის 5 წუთის ძილი მთელი დღის ენერგიის მომცემი როა?! 

დიდ ოჯახში გავიზარდე, სადაც ქალები უფრო მეტნი ვიყავით..
ბებო, დედა, უმცროსი და, და ბებოს უფროსი და.. 5 ქალი!
ყველაფერი მათგან ვისწავლე, ყველაფერი მათ დამანახეს, ცუდიც და კარგიც..

ბევრჯერ მინახავს სევდისგან ატირებული დედაჩემი, იმედგაცრუებულიც და გულნატკენიც, ბედნიერების ცრემლიც მინახავს.. ლოყაზე ცრემლ-ჩამომდინარე გვიკეთებდა საჭმელს მე და ჩემს და-ძმას.. მახსოვს როგორ გვაბანავებდა, გვიშლიდა საწოლს და ჩახუტებულს გვაძინებდა..
ბევრჯერ მინახავს დაღლილობისგან ნერვებ-მოშლილი, ანერვიულებული და ხანაც ემოციების დასაცლელად ატირებული ბებიაჩემი, რომელიც ასევე ძლიერი, დამოუკიდებელი, განათლებული ქალის ეტალონია, როგორც დედაჩემი..
მინახავს, რამდენ პასუხისმგელობას იღებდნენ ისინი თავის თავზე, რამდენს შრომობნდნენ და დღის ბოლოს როგორ სევდიანდებოდნენ ხოლმე, სევდის მიზეზი კი ერთადერთი იყო – რომ ვერ მოეწმინდათ ცრემლი და რომ ვერ შეძლებოდათ გაგრძელება? თუმცა, ისინი ხომ ქალები არიან?! 

დღეს მეც დიდი გოგო ვარ, გავიზარდე..
სამსახურში უამრავ, სხვადასხვა ასაკის ადამიანთან მაქვს ურთიერთობა.. 5 წლიდან ზემოთ..
ბევრი ღიმილი მიწევს, ბევრი ლაპარაკიც, ბევრი სიარულიც, ხან ცეკვაც და ხან სიმღერაც.. პრობლემები მაქვს თუ არა, მაინც…. და დღეს ვის არ აქვს პრობლემა?!
ამას თავს კარგად ვართმევ, დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ვმუშაობ, საკუთარ თავს დროს ვუთმობ.. თავს ძლიერად აღვიქვამ..
რთული სიტუაციიდან გამოსვლა შემიძლია! ბევრჯერ გამოვსულვარ..
პასუხისმგებლობის აღების არ მეშინია! ამას, თითქოს, ბავშვობიდან მივეჩვიე..
ადამიანებისთვის ბევრი რამის გაგება გამომდის, მათზე ზრუნვა ჩემი საყვარელი საქმიანობაა.. მოკლედ, ჩემს გონებაში თამარი ძლიერი გოგოა, მაგრამ გოგოა… 

მინახავს ჩემი პატარა და, თინეიჯერი, რომელიც მეგობრებისგან უხეშად ნათქვამ სიტყვას აუტირებია.. მინახავს ჩემი მონატრებით როგორ გვიტირია ორივეს, არა ოთხივეს, ბებოსაც, მეც, დედასაც, ჩემს დასაც.. ჩვენ ხომ ქალები ვართ: ძლიერები, პასუხისმგებლიანები, მზრუნველები, ორგანიზებულები, მაგრამ გვაქვს მომენტები, როცა უბრალოდ დავიღალეთ, უბრალოდ გვეტირება.. 

სიბრალულის გრძნობა ძალიან იშვიათად მიჩნდება ხოლმე, თუმცა მამაკაცებისადმი ხშირად და ამის მიზეზი ცრემლების შეკავების ე.წ. კავკასიური „წესია“..
მეცოდებიან, რომ არ შეუძლიათ იმგვარად დაიცალონ და გამოხატონ, როგორც ჩვენ და მეცოდება კაცობრიობა, სადაც მამამკაცის ტირილი სისუსტედ ითვლება..
ზოგადად ტირილიც.. 

ადამიანებს ლოყები ცრემლებით ზუსტად იმიტომ გვისველდება, რომ ძლიერები ვართ!
საქმე გასაკეთებელი, პრობლემები მოსაგვარებელი, გადაწყვეტილება მისაღები….
საყვარელი ადამიანები გვყავს, ემოციები გვაქვს, დაღლილობა და სტრესი გვიტევს…..
მძიმე და რთულ გარემოში, ყოველდღიურობაში ვცხოვრობთ..
აი, ამიტომ, თითქოს ცრემლებს გავაყოლებ ხოლმე სევდასაც და ჩემი დაღლილობაც მათ მიაქვთ! თითქოს გვშველიან.. მომდევნო დღისთვის გვამზადებენ.. შემდეგი წარმატებისთვის – წინ გადადგმული ნაბიჯისთვის – სწორი მოქმედებისთვის, ძალას გვამტებენ!

როგორ?! 

…უცებ ვიწმენდთ მარილიან ცრემლებს, ხან ენის ლოყაზე მოსმით, ხან აკანკალებული ხელებით, ხანაც მაისურის მკლავებს წამოვიგრძელებთ ხოლმე და ისე, ხან იქნებ ხელსახოციც ჩავიგდოთ სადმე ხელთ, იქვე.. მთავარია, ვიტირეთ, ცრემლი მოვიწმინდეთ და გავაგრძელეთ!

…ჰო, გავაგრძელეთ და თქვენც გააგრძელებთ!
ამისთვის მოვყევი ბევრი რამ, რაც შეიძლება უადგილო გეგონა ამ ბლოგში..
შეიძლება ბევრსაც გამოიმუშავებდე, მოსიყვარულე ოჯახიც გყავდეს, დამოუკიდებლად ცხოვრობდე, ძლიერი იყო, მაგრამ მაინც ტიროდე, მაინც ეცემოდე სასოწარკვეთილებას და შენ ამის გამო არ ხარ სუსტი!

მოწმენდილი ცრემლების შემდეგ მიღწეული წარმატების გაცისკროვნება ვართ, ჩვენ ქალები ვართ! 

სიყვარულით,
თამარი 🌸