ჩვენ – დიდებად დაბადებულნი!

ჩვენ – დიდებად დაბადებულნი!
ავტორი: თამარ ყაზაიშვილი

ბლოგი ეძღვნება უფროს დებს, პირველ გოგო შვილებს ოჯახში. ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ.

უკვე ძილის დროა.. ყველაზე ჩუმი და ხმაურიანი, სევდიანი და ბედნიერი, წყნარი და აფორიაქებული მომენტი 24 საათში.. სამსახურიდან მოსულს, ხან მხოლოდ საწოლში შეწოლა და ბალიშზე თავის დადება მინდა.. გული ბალიშთან ყველაზე გულწრფელია, ზუსტად მასთან უნდება საუბარი, ფიქრების გაზიარება, არეული აზრების ფრქვევა და მისი ცრემლით დასველებაც კი..

აი, როცა საწოლში მარტო წევხარ, მხოლოდ ძილს გინდა მიეცე, მაშინ ხდები იძულებული, საკუთარ ფიქრებს უსმინო.. უსმინო გულს, რომელიც მარტოა, რომელსაც უბრალოდ დედის ჩახუტება უნდა, ბებოს გამომცხვარი ხაჭაპურის ჭამა, რადგან დაღლილია დიდი გოგოს როლში ყოფნით.. ენატრება ბავშვად ყოფნა, როცა ამ ყველაფრით ნაკლებად იყო დაკავებული და მისი საზრუნავი მხოლოდ ის იყო, ეზოში საქეიფოდ შეკრებისას წაღებული 50 თეთრით, ბავშვები რამდენი ჩიფსისა და მზესუმზირის ყიდვას შევძლებდით..

თუმცა მხოლოდ ეს როდისაა უფროსი დის/უფროსი გოგო შვილის საფიქრალი?
თითქოს ჩვენ დიდებად დავიბადეთ, პატარაობიდანვე დიდებივით გვიწევდა ფიქრი და პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა.. დიდებივით გვიწევდა ოჯახის საქმეებში ჩარევა და მათზე დარდი.. რატომ იყო ასე? რატომ ხდება ასე? ჩვენც ხომ ბავშვები ვიყავით?! არ მინდოდა იმაზე მენერვიულა, რაზედაც ვნერვიულობდი მე.. ჩემი ძმა და და კი – არა.. იმიტომ, რომ მე უბრალოდ ოჯახის უფროსი გოგო ვიყავი/ვარ. 

…ყველა უფროსმა დამ იცის გრძნობა, როცა ლოგინში დაღლილი წვება და მისი და-ძმის ნერვების მომშლელი ხმაურის, ჩხუბის ჩაწყნარება ენატრება ჰო, და-ძმების ჩხუბში ჩარევა, მათი გაშველება, დარიგება, მერე ამის ოჯახთან განხილვა უფროსი დების „საქმიანობაა“.. მერე ისმენს ბებოს საყვედურებს, თუ რამდენად ვერ გაუგეს თინეიჯერ უმცროს დას, როგორ შეიცვალა, როგორ საერთოდ არ გვგავს ჩვენ, და გვთხოვენ დაველაპარაკოთ, ვასწავლოთ ის, რაც ჩვენ ვიცით.. და მე ვინ მასწავლა?… მაგრამ მე, ხომ უბრალოდ ოჯახის უფროსი გოგო ვიყავი/ვარ. 

მერე დედა რეკავს, ჩემს ძმაზე განაწყენებული. მთხოვს, მივწერო და გავიგო, რა სჭირს, რამით დავარიგო, დავეხმარო… უფროსი და, აი, ისაა ოჯახში, რომელიც თავის თავს სულ მიხედავს, უპატრონებს, არ დაიკარგება და ზრდასრულ, ოჯახის დიდ წევრებსაც კი დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში.. ეს ის უფროსი გოგო შვილია, რომელიც მართლაც ყველას დაურეკავს, მისწერს, დაარიგებს, როგორც შეეძლება უთანაგრძნობს, მოუსმენს და უბრალოდ ამ მოსმენითა და ემპათიით უშველის ოჯახის წევრებს, მაგრამ მერე წავა და საწოლში მოკუნტული იტირებს.. იტირებს, იმიტომ, რომ მას ზოგჯერ ყველაზე მეტად სჭირდება მზრუნველობა, ისე, როგორც პატარა გოგოს.. 

გოგოების უმრავლესობას ან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ მამებთან, – ან ძალიან ცუდი.. მე არასდროს ვყოფილვარ მამიკოს გოგო, აი, ის, მამის სითბოთა და ყურადღებით „გათამამებული“.. არასდროს გამომიცდია ეს გრძნობა, რადგან მე ხომ უბრალოდ ოჯახის უფროსი გოგო შვილი ვარ…?! ეს ნიშნავს ებრძოლო, აუხსნა, დააჯერო, მოაგვარო, იყვირო და ძლიერად იდგე, მერე შენთვის ბალიშზე იტირო.. 

უფროს დებს არ გვყოლია ჩვენნაირი უფროსი და, ვინც მოგვისმენდა, ვინც გვისაყვედურებდა თუნდაც და გაგვკიცხავდა, სიყვარულით, ისე, როგორც დედა.. როგორც დედა უსაყვედურებს შვილს, მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის, მასზე ზრუნვისთვისა და ღელვით.. ჩემი და ვერ იტანს რამეზე აზრი მკითხოს..

პირველი, იმიტომ, რომ სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს, თითქმის ყველაფერში, თუმცა ავიწყდება ხოლმე რომ უბრალოდ გოგო ვარ, მისნაირი პრობლემებით, მისნაირი ემოციებით, მისნაირი ცხოვრება გამოვიარე, მისნაირი შეცდომები მეც დავუშვი, მისნაირ ოჯახში გავიზარდე, მისი სევდა მეც მაწუხებს, მისი ბედნიერება მეც მიხარია.. ამიტომაც სულ ვუმეორებ: „შენ ვერასდროს მეტყვი ისეთს, რაც მე გამაკვირვებს, რაც მე არ „დამიშავებია, ამიტომ ყოველთვის გაგიგებ და ვეცდები, ჩემი შეცდომებით გამოცდილება მიღებულმა, შენ იგივე აღარ გამოიარო..“ 

ჩემთვის არავის უსწავლებია, როდის როგორ მოვიქცე.. არავის უთქვამს, თუ ის ბიჭი მაწყენინებდა, როგორ გამეცა კარგი პასუხი, როგორ დამეცვა საკუთარი თავი, არასდროს უსწავლებიათ, თუ კლასელი დამაბულინგებდა, რა უნდა მექნა, არ უსწავლებიათ, როგორ გამენაწილებინა დრო, ფული.. როგორ ვყოფილიყავი მებრძოლი, რომ დამოუკიდებლად მეცხოვრა.. არავინ დამჯდარა და ეს არ უსწავლებია, არ დაურეკავს უფროს დას და არ მოუწერია, არ უთხოვია მომეყოლა რა მჭირდა, რადგან მზად იყო მოესმინა.. მიუხედავად ამისა, მე გავიზარდე ისეთ გოგო შვილად, რომელზედაც ამბობენ: „ის მიხედავს თავის თავს“.. 

არ უსწავლებიათ, თუმცა დამანახეს, როგორ ვიყო მებრძოლი, როგრო დავიცვა თავი, საყვარელი ადამიანები.. როგორ ვიყო მზრუნველი, როგორ შევიყვარო და ვუერთგულო.. ეს ჩემმა ოჯახმა საუკეთესოდ დამანახა, ისიც კი, როგორი არ უნდა ვიყო! სათქმელია, რომ უფროს დობას დედაჩემი დღემდე მიწევს, თუმცა ის მაინც დედაა..

მე ხომ უფროსი და ვარ, უფროსი გოგო შვილი, ოჯახის დიპლომატის თანამამდებობა, ხომ მე მაქვს?! ეს ხუმრობით, მაგრამ ხომ იცით, ყველა ხუმრობაშია სიმართლე.. 

ხან მაგარია, ამ პოზიციაზე ყოფნა, თითქოს გადაწყვეტილებებს შენ იღებ, დედას ბევრჯერ ვსაყვედურობ, რომ საძინებლის სარემონტო ფული სხვა რამეში დახარჯოს, ჩემს უფროს ძმას მასზე უფროსივით მკაცრად ვეუბნები, რომ მანქანა ნელა ატაროს, ბებოს და ბაბუს წამლების დალევას ვაძალებ.. თითქოს დღეს მე ვაკეთებ იმას, რასაც თვითონ ოდესღაც მიკეთებდნენ.. ამის გამო უფროსი გოგო შვილები დაჩაგრულები არ ვართ, ჩემი ოჯახი ჩემზე დღევანდელ, ამ წამამდე ზრუნავს, მაგრამ მათ იციან, რომ „მე ჩემს თავს მივხედავ..“

აი, ეს არის მთელი სირთულე.. ქუჩაში მარკეტიდან, საკუთარი ხელფასით ნავაჭრი პროდუქტები რომ მომაქვს, ჩემით ნაყიდი ლამაზი ტანსაცმელი რომ მაცვია და სამსახურიდან გაპრანჭული ვბრუნდები, ვგიჟდები შენობების ყველა ვიტრინაში საკუთარი თავის დაჭერაში, ვუყურებ და ვაქებ, – „ყოჩაღ, შენ შენს თავს პატრონობ და ახლა დაღლილი რომ მიხვალ სახლში და ბებო დაგირეკავს, მხნედ და მოთმინებით მოისმენ ოჯახურ დრამებს, გაამხნევებ, და მერე საწოლში დაღლილობისგან იტირებ.“

მე ხომ უბრალოდ, ოჯახის უფროსი გოგო ვარ და ეს ასაკთან ერთად დიდ ტვირთად იქცევა, მერე ვიაზრებ, ჩემი ქცევები საიდან მოდის, საიდან მაქვს ასეთი ემოციური მდგომარეობა, როგორიც მაქვს (არასტაბილური, სუსტი და მგრძნობიარე), მერე ვიაზრებ, რატომ ვაკეთებ ყველაფერს აჩაქარებით, შფოთვით, რატომ ვიღებ ყოველთვის ყველგან, ყველაფერზე პასუხისმგებლობას, რატომ ვიწყებ ყველაზე ზრუნვას, რატომ ვცდილობ იმედები არავის გავუცრუო, რატომ არასდროს ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, რატომ განვიცდი შეცდომების დაშვებას, იმიტომ რომ, მე მაგალითად ყოფნას მიმაჩვიეს, იმიტომ რომ ეს ბავშვობიდან დამევალა! 

მე ხომ უბრალოდ ოჯახის უფროსი გოგო ვარ..

სიყვარულით, სიყვარულისთვის,
თამარა! 🌸