არ მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, კერძების მზადება და ექსპერიმენტების ტარება, მომზადებული საჭმლის გაფორმება და ა.შ. მაგრამ რას ვაკეთებ როცა მშია? ვდგები და ვაკეთბ კერძს.. რას ვაკეთებ, როცა მწყურია, მცხელა, ბევრი ვიარე და ერთი წვეთი წყალიც კი გადამარჩენდა? ვდგები და ყველა შესაძლო გზას ვეძებ, რომ წყალი დავლიო.. რას ვაკეთებ, როცა მცივა? ყველაფერი ერთად მაცვია, სილამაზეც კი მკიდია ხოლმე, მაისურზე მაისური, ელასტიკზე ჯინსი, მაისურზე პიჯაკი, პიჯაკზე ქურთუკი მაცვია.. რას ვაკეთებ, როცა ძილი მინდა? შესაძლოა ქუჩაში, საგზაო ნიშნის ბოძს თავი მივადო და წავუძინო..
თუ კი ადამიანური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილების შესრულებასა და დაკმაყოფილებას ჩვენი შინაგანი ნება, სურვილი, თუ რაღაც ძალა გვაძლებინებს, რატომ არის ხოლმე, რომ სიყვარულისთვის ვერ ვაკეთებთ? იქნებ იმიტომ, რომ არ არის სიყვარული? არ გვინდა და არ ვაკეთებთ!
“მიყვარხარ, მაგრამ არ გამომდის..”
“მიყვარხარ, მაგრამ ერთად ვერ ვიქნებით..”
“მიყვარხარ, მაგრამ ვერ გაძლევ, რაც გჭირდება..”
“მიყვარხარ, მაგრამ არ მცალია..”
“მიყვარხარ, მაგრამ ვერ დაგირეკავ..”
“მიყვარხარ, მაგრამ ყვავილების ჩუქება არ გამომდის..”
“მიყვარხარ, მაგრამ ყველაფრის მოწერა მავიწყდება..”
“მიყვარხარ, მაგრამ დღეს ვერ დავრჩები, დღეს ვერ გნახავ..”
“მიყვარხარ, მაგრამ!…..”
იმ ძალის შემდეგ, რასაც სიყვარული ჰქვია, მაგრამ არ იწერება!!!
გოგონებო, ბიჭები კი არა, ზოგადად ადამიანი ყველაფერს გააკეთებს ის რომ მიიღოს, რაც ძალიან უნდა, რაც სჭირდება, რაც ასულმდგუმლებს..
რატომ ვზივართ და ველოდებით მათ მესიჯს? რატომ ველოდებით მათ ზარს? რატომ გადავდებთ ხოლმე მეგობრებთან შეხვედრას, რადგან შესაძლოა დღეს მან მოიცალოს და მისი ნახვა გვირჩევნია? რატომ ვამოწმებთ ინსტაგრამ სთორებს ყოველ მეორე წამს, ნახა თუ არა მან? რატომ ვდებთ მათთვის სთორებს? მოწერა თუ უნდათ, მოგვწერენ.. დარეკვა თუ უნდათ, დარეკავენ.. ნახვა თუ უნდათ, გვნახავენ.. კომპლიმენტის თქმა თუ უნდათ, სთორი რომ არ დავდოთ, ისედაც გვეტყვიან..
საქმე ისაა, უნდათ თუ არა?! როცა ეს კითხვა ჩნდება, ანუ საკმარისად ვერ ვიგრძენით, რომ მას უნდა.. საკმარისად ვერ დაგვანხავა..
მანიპულაციაა, როცა არც გიშვებს და არც შენთან რჩება ღირსეულად..
ღირსეულად დარჩენა სწორედ ისაა, ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილზე, რომ არ ინერვიულებთ.. სიყვარული თავისით მოდის და მერე უკვე ჩვენ, მისით შეპყრობილები ვმოქმედებთ, ჰოდა, თუ პარტნიორი არ მოქმედებს, ესეც პასუხია..
ეჭვიანობს, როცა სხვასთან ხარ? მაგრამ მასთან ყოფნის მიზეზებს არ გაძლევს?
ფლირტს არ წყვეტს, მაგრამ არც სახელს არქმევს ურთიერთობას?
თან შენდამი სიმპატიებს გამოხატვას, სიტყვებით, და თან ბოლომდე არ ამბობს, რამდენად მოსწონხარ, რამდენად უნდა შენთან ყოფნა?
არ წყვეტს კომუნიკაციას, მაგრამ არც ვითარდებით?
პასუხების ჩემგან მოსმენა, მგონი არ გჭირდებათ..
არც დაშორებულზე დაბრუნებაა პრობლემა.. დაუბრუნდით 2-ჯერ, 3-ჯერ, თუნდაც 22-ჯერ..
გაუგეთ, აპატიეთ, მოუსმინეთ, იქამდე, სადამდეც თავად არ მიხვდებით, რომ წერტილი უნდა დაუსვათ და აუცილებლად, აუცილებლად მოიქცევა ისე, რაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ, რაც აგიხელთ თვალებს..
პირველი დაშორებების მიზეზი, რომელსაც აპატიებთ, გახდება საბოლოო დაშორების ან თქვენში სიყვარულის გაქარწყლების მთავარი მიზეზი..
აუცილებლად მოგბეზრდებათ საკუთარი თავის აცრემლებულის ყურება, მოგწყინდებათ ტელეფონზე მიშტერებული, მისი მესიჯის მომლოდინედ ჯდომა..
როცა ზუსტად აღიქვამთ და გაიაზრებთ, რამდენს გასცემთ და რა ცოტას იღებთ, როცა ვიცით, ყველა გოგომ, ვიცით, როგორი ბედნიერებიც შეგვიძლია ვიყოთ, როგორც ვუყვარდეთ.. უბრალოდ, მიეცით თავს უფლება ეს თავად გამოარკვიოთ..
მინახავს წყვილები, სადაც ბიჭი თავის გრძნობებს ვერ გამოხატავს, არ საუბრობს და ძლიერი კომუნიკაციის უნარით არ გამოირჩევა, ამ დროს კი პარტნიორი ყველაფერს აკეთებს, რომ მას უთქმელად გაუგოს, მისი ალაპარაკება შეძლოს და გვერდით ედგეს.. თუმცა ფსიქოლოგის, მკურნალი ექიმისა, თუ მშობლის როლში ყოფნა მალე მოგბეზრდებათ, როცა მიხვდებით, მისი გაგებით შენ მხოლოდ ის გემატება, რომ იცი უყვარხარ, უბრალოდ, ხშირად ვერ ამბობს, თუმცა განა ამაზე მეტი ურთიერთობაში არაფერი გვჭირდება?
ფიქრი, „ვიცი, რომ ვუყვარვარ, უბრალოდ ვერ გამოხატავს, და, თუ ვუყვარვარ შეძლებს“, გაგანადგურებთ, რადგან შეამჩნევთ, რომ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა და ვერც შენი თავდადება და გაგება აღმოჩნდა საკმარისი.. მერე დაფიქრებით, ესე იგი არ ვუვყარვარ?! ეს კი ყველაზე მწარე იქნება..
თუმცა, ადროვეთ საკუთარ თავს, ყველაფერი თავად გამოიაროთ..
იტირეთ, გამოსცადეთ და ახალი ნაბიჯი გადადგით..
ქალები, რომლებიც სიყვარულისთვის ვიბრძვით, იმაზე მეტს ვიმსახურებთ, ვიდრე შეიძლება ამ წამს რომელიმე ჩვენგანი ვიღებდეთ..
სიყვარულით, სიყვარულისთვის,
თამარა ყაზაიშვილი 🌸