როცა მარტო ზიხარ, შენს საყვარელ ნამცხვარს მიირთმევ და გაიფიქრებ, ნეტა მას მოეწონებოდა?! – ესაა სიყვარული?
ქუჩაში მარტო რომ მიდიხარ, საყვარელ სიმღერას უსმენ, გეღიმება და წარმოიდგენ, როგორ ასმენინებ მას ამ სიმღერას და როგორ უყვარდება მასაც – ესაა სიყვარული?
როცა ტანსაცმელების მაღაზიაში შედიხარ, ცოტა ფული გაქვს და გინდა რამე ლამაზი კაბა იყიდო, უცებ ლამაზ მოსაცმელს, რომ შეამჩნევ და არჩევანს კაბასა და მოსაცმელს შორის, ამ უკანასკნელზე შეაჩერებ, რადგან მას ეს მოსაცმელი ძალიან მოუხდება – ესაა სიყვარული?
როცა უამრავი დედლაინი გაქვს, ოჯახის წევრებსაც კი ვერ ელაპარაკები, საკუთარ თავს ფილმის ყურების დროსაც არ აძლევ, ის გირეკავს და საათობით ელაპარაკები – ესაა სიყვარული?
როცა სხვას არასდროს აპატიებდი იმ შეცდომებს, რაც მას? – ესაა სიყვარული?
როცა ქუჩაში ბიჭს ხედავ, რომელსაც ფერადი, გამორჩეული და მისი საყვარელი სტილის შარვალი აცვია, იმას რომ ფიქრობ, აუ, მას როგორ მოუხდებოდა და გიჩნდება სურვილი ლამის უცხოს შარვალი წაართვა, ან მიხვიდე და ურცხვად ჰკითხო, სად შეიძინა – ესაა სიყვარული?
როცა მეტროში მარტო ზიხარ, პირისპირ უსიმპატიურესი ბიჭი გიზის, თვალს თვალში გიყრის და შენ ფიქრობ, თუ როგორი ლამაზი თვალები აქვს იმას, რა დიდი სიამოვნებით დაჯდებოდი და საათობით უცქერდი მის თვალებს და არა ამ ბიჭისას, რომელსაც გულის სიღრმეში ხვდები, რომ ბევრად ლამაზი თვალები აქვს – ესაა სიყვარული?
როცა ყველას, შენს ირგვლის, მასზე უყვები, თითქოს გინდა ყველას შეაყვარო – ესაა სიყვარული?
როცა ცხელ ხინკალს სულწასულები მიირთმევთ და ყოველი შემდეგის ჭამისას ხვდები, რომ კიდევ გინდა ისეთი გემრიელია, მაგრამ მის თვალებში ხედავ, რომ არ ეყო მისი წილი და მზად ხარ შენი დაუთმო.. ყველა სიმღერას მას უკავშირებდე და მას ასმენინებდე.. შენთვის მნიშვნელოვან დროს მას უთმობდე.. შეცდომებს პატიობდე და მხოლოდ მისი შენს ცხოვერბაში არსებობით კმაყოფილდებოდე.. სხვა არც ერთი ადამიანი, მიუხედავად იმისა რომ ხვდები მასზე უკეთესია, არ გინდოდეს.. როცა ასის გულს იპყრობ და შენ მხოლოდ მისი გაიტერესებს.. როცა ყველგან და ყოველთვის მასზე ლაპარაკობ და თან თვალებიდან ნაპერწკლები გიცვივა – ესაა სიყვარული?!
ჯერ ვერასდროს მოვახერხე ამ გრძნობის ახსნა..
სახელის დარქმევა, განმარტებების მოპოვება..
ვზივარ და გწერ, თითქოს შენ გეკითხები, რა არის სიყვარული, რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით, როცა შეყვარებულები ვართ?!
რატომ გვინდება ყველაფრის მისთვის გაკეთება და ნორმალურია, თუ საკუთარ თავს ნაკლებს მივცემთ? ნორმალურია, თუ საკუთარ თავს მოვატყუებთ? თვალებს დავხუჭავთ? ნორმალურია, თუ ყოველ ჯერზე რაღაცის იმედს იტოვებ, გაცვეთილ ხიდს გამოეკიდები და არ იცი როდის ჩავარდები შიგ, ამღვრეულ, მდინარეში, მაგრამ ცდი, იქნებ გადახვიდე და მერე ჰპოვო ბედნიერება, მერე ნახო სინათლე..
არ ვიცი რა არის ნორმალური, და რა არა.. ალბათ, ესეც ყველას ჩვენებურად გვესმის, ან შეყვარებულ ადამიანებს, საერთოდ არ გვესმის.. თუმცა, აი, როცა აღტაცების პერიოდიდან, ერთმანეთის ხილვის აღტკინებიდან გამოხვალთ, როცა ურთიერთობა და სიყვარული წლებს გაუძლებს და იგი ხელის გულით სატარებელი იქნება, მერე ფიქრსაც სხვანაირად დაიწყებთ..
მერე, არჩევანი დარჩენასა და წასვლას შორის დგება.. მერე, იბრძვი, იბრძვი, იბრძვი, ან გამოდის ან – არა..
გვიღირს ასეთის გამოსვლა?!
მაგრამ, თუკი გამოვა?
გახსოვთ ნოა და ელი ფილმიდან „უბის წიგნაკი“?! – ისინი ბევრს ჩხუბობენ, ერთმანეთს უყვირიან, ტირიან, განშორებაც განიცადეს, მაგრამ ერთი მთავარი რამ აქვთ საერთო და ეს სიყვარულია..
მე თუ მკითხავთ, ზუსტად სიყვარული აჩხუბებთ, ჩემი საყვარელი ფრაზა უნდა გამოვიყენო და მგონია, რომ შენც დამეთანხმები, “ვინც გვიკიდა, არ გვიკიდა?!”
სანამ ვიბრძვით, სანამ ვკამათობთ, სანამ ვცდილობთ, მანამდე გვიყვარს, სხვაგვარად რომ იყოს, არც კი დავკარგავდით დროს იმ ადამიანისთვის, მაგრამ ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, რისთვის ვჩხუბობთ, რაზე.. და მთავარი, სად უნდა გავჩერდეთ, სად არის საზღვარი და რამდენი უნდა ვიბრძოლოთ, რამდენი ხნით და რის იმედად… ამაზე, სხვა დროს….
მთავარია რას გავაკეთებთ სიყვარულისთვის!
და შენ რას აკეთებ სიყვარულისთვის?!
სიყვარულით, სიყვარულისთვის
თამარა ყაზაიშვილი 🌸