Valentino: წითელი კაბა

Valentino: წითელი კაბა

ავტორი: მარიამ მებუკე

ძვირფასო მკითხველო,

ამბობენ, რომ სიყვარული ომს ჰგავს.. ისეთ ომს, ზოგჯერ მოგების შანსიც რომ არ გაქვს, მაგრამ მაინც ებმები..

ეს ამბავი, რასაც მოგიყვები, ვალენტინო გარავანის ცხოვრებაში ისეთ ვნებიან, სევდიან და ტკბილ ბრძოლას ასახავს, როგორიც ლევ ტოლსტოის ანა კარენინას გმირს ჰქონდა — სიყვარულსა და ვალდებულებას შორის გაჭედილს, გულში დაუკმაყოფილებელი სურვილებით..
თუმცა, ვალენტინოსთვის ეს ბრძოლა ცხოვრებისა და მოდის ერთიან გზად იქცა.

ვალენტინო გარავანი — კაცი, რომელმაც მსოფლიო მოდა, თავისი საფირმო წითელი ფერით შეცვალა — შინაგანად მუდამ გაჭრილი იყო  ორ სამყაროს შორის.. ერთ მხარეს იყო მისი პროფესიული და პირადი ცხოვრების საყრდენი – ჯანკარლო ჯამეტი, ხოლო მეორე მხარეს — ახალგაზრდა ფრანგი არისტოკრატი გაბრიელი.

ვალენტინო და ჯამეტი: სიყვარული სტაბილურობისკენ

ისინი ერთმანეთს 1960 წელს, რომში, ცნობილ Via Veneto-ზე ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ, სადაც 22 წლის ჯანკარლო ჯამეტი მეგობართან ერთად იჯდა, როცა მასთან, პარიზიდან ახალი დაბრუნებული, 28 წლის ვალენტინო გარავანი მივიდა..
ვალენტინო რომში საკუთარი ატელიეს გახსნას ცდილობდა.. ჯამეტი, მაშინ არქიტექტურის სტუდენტი იყო.. და საერთოდაც, ეს ყველაფერი ხდებოდა ეპოქაში, რომელსაც რეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ ფილმ „ტკბილ ცხოვრებაში“ (La Dolce Vita) დაუდგა ძეგლი!

ვალენტინომ, ჯანკარლოს მანქანით გაცილება შესთავაზა.. ჯამეტი დათანხმდა.. რამდენიმე დღეში მათი გზები კაპრიზე გადაიკვეთა.. კუნძულზე გატარებულმა დღეებმა მათი დამეგობრება სწრაფად აქცია ღრმა, რომანტიკულ სიყვარულად.. სწორედ კაპრიზე მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება აღარ სურდათ..

კაპრიდან დაბრუნებიდან მალევე ჯამეტიმ უნივერსიტეტში, არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლა მიატოვა და ვალენტინოსთან ერთად, მისი მოდის სახლის განვითარება დაიწყო..

ვალენტინოსა და ჯანკარლო ჯამეტის კავშირი თითქმის ანდამატივით ძლიერი იყო.. ჯამეტი არა მხოლოდ ვალენტინოს ბიზნეს პარტნიორი, არამედ მისი ცხოვრებისეული საყრდენიც გახდა.. მათ ერთად შექმნეს მოდის იმპერია, რომელმაც ვალენტინო მსოფლიო მოდის სიმბოლოდ აქცია! ჯამეტი მას აძლევდა სიმშვიდეს, სტაბილურობას, ოჯახის შეგრძნებას — იმ ყველაფერს, რაც თითქოს სწორი და უსაფრთხო იყო..

მაგრამ.. ამ ყველაფრის პარალელურად, ვალენტინოს ცხოვრებაში გაჩნდა ახალი პერსონაჟი, ახალგაზრდა გაბრიელი, რომელმაც მოულოდნელი ქარიშხალივით მოიცვა მისი გონება და გული..

გაბრიელი. დაუკმაყოფილებელი ვნება და პარიზული ღამეები

პარიზი — ქალაქი, რომელიც ვნებიანი სიყვარულით სუნთქავს, იმ იდუმალი შეგრძნებების მოწმე გახდა, რომლებიც ვალენტინოსა და გაბრიელს შორის ჩაისახა.. მათი სიყვარული დაფარული იყო ჩრდილებში, იმედგაცრუებასა და ვნებაში.. თითქოს ლევ ტოლსტოის ანა კარენინასა და ვრონსკის ისტორიას ვკითხულობთ, სადაც ჩუმი შეხვედრები და დახურული წვეულებები იმ ურთიერთობის სიმბოლოა, რომელიც ყველამ იცის, მაგრამ არავინ ხმამაღლა არ ამხელს..

ვალენტინო და გაბრიელი სწორედ ასეთ ღამეებში ხვდებოდნენ ერთმანეთს — ფარულად, ჩუმად, მაგრამ თითოეული შეხვედრა ცეცხლს უკიდებდა ვალენტინოს გულს.. გაბრიელი მისთვის თავისუფლების, დაუკმაყოფილებელი სურვილის და საფრთხის განსახიერება იყო, და სწორედ ამ ურთიერთობამ მის ნამუშევრებში ვნების ახალი ფერები შემოიტანა..

ვალენტინოს მოდის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი — ღრმა წითელი კაბა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ იქცა სიყვარულისა და ვნების სიმბოლოდ — გაბრიელის შთაგონებით შეიქმნა.. ამბობენ, რომ ეს კაბა ვალენტინომ შეპყრობილი ვნების გამოსახატავად შექმნა — ხაზი, რომელსაც ის რეალურ ცხოვრებაში ვერასდროს გადაკვეთდა..

თავად ვალენტინო ამას არ აღიარებდა და წითელი ფერით შთაგონებას და გატაცებას, მრავალი წლით ადრე, ბარსელონას ოპერის ერთ-ერთ ლოჟაში ნანახი, წითელ ხავერდის კაბაში გამოწყობილი ასაკოვანი, თეთრთმიანი და ძალიან არისტოკრატიული შესახედაობის ქალბატონით ხსნიდა, რომელსაც იმდენად მომნუსხველი ეფექტი ჰქონდა მისთვის, რომ პირობაც კი დაუდია, თუ ოდესმე დიზაინერი გახდებოდა, წითელ ფერს მის საფირმო ნიშნად აქცევდა..

შინაგანი ბრძოლა: სიყვარული და ვალდებულება

ვალენტინოს ცხოვრებაში სიყვარული, პასუხისმგებლობასა და დაუკმაყოფილებელ ვნებას შორის გაჩაღებული ომი იყო.. გაბრიელი, როგორც ვრონსკი ანა კარენინასთვის, ვალენტინოსთვის იყო სურვილის ის სიმბოლო, რომელიც ყველაფერს ანგრევს და შემდეგ ისევ აშენებს.. ჯამეტი კი, ის ადამიანი იყო, რომელმაც ვალენტინოს გვერდით დარჩენა არჩია მაშინაც კი, როცა მათი ურთიერთობა ურთულეს გზაზე იდგა..

ვალენტინომ მართალია ჯამეტის გზა აირჩია — სიყვარული, რომელიც სტაბილურია და მტკიცე, მაგრამ 12 წელზე მეტხანს მაინც ვერ გაგრძელდა.. ვერ გაგრძელდა, როგორც რომანტიკული, ვნებიანი სიყვარული, გაქრა ლტოლვა, თუმცა გაგრძელდა, როგორც ღრმა ოჯახური და მეგობრული სიყვარული..

ჯამეტი დარჩა მის გვერდით და გარდაიცვალა მის გვერდით.. თუმცა გაბრიელი ვალენტინოს გონებაში დარჩა, როგორც დაუვიწყარი და დაუკმაყოფილებელი სურვილი, რომელიც ბოლომდე ცოცხლობდა მის გულში..

როდესაც ვალენტინოს ისტორია გვეშლება თვალწინ, შეიძლება დაგვებადოს ანა კარენინას მსგავსი შეკითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გახლეჩილი ვართ ორ სამყაროს შორის? უნდა ავირჩიოთ სტაბილურობა და სიმშვიდე, თუ მივყვეთ იმ ვნება-სურვილებს, რომელმაც შესაძლოა დაგვანგრიოს?

თქვენი აზრით, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია, ვალენტინოს რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო?

სიყვარულით და შთაგონებით,

მარიამი🌸