ავტორი: სოფო არდაზიშვილი
დღევანდელ საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა მათი მართვა ბევრი ადამიანისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს პარტნიორს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მის, არამედ თქვენს ცხოვრებაზეც..
მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ დაეხმაროთ მას ამ რთულ პერიოდში, რათა ერთად გადალახოთ სირთულეები და შეინარჩუნოთ ჯანსაღი და მყარი ურთიერთობა 🫶🏻
1. მოიძიეთ ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
პირველ რიგში, აუცილებელია გაიგოთ, რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები..
ეს შეიძლება მოიცავდეს დეპრესიას, შფოთვას, პანიკურ შეტევებს, ბიპოლარულ დარღვევას და სხვა. თითოეული მათგანი განსხვავებულად გამოიხატება და გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე, აზროვნებასა და ქცევაზე.
განათლება ამ საკითხზე დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, რა გზას გადის თქვენი პარტნიორი. შეგიძლიათ წაიკითხოთ ლიტერატურა, დაათვალიეროთ ინტერნეტსივრცე, ან დაესწროთ სემინარებსა და ტრენინგებს.
2. ღია კომუნიკაცია
თუ ჩვენი ბლოგების ხშირი მკითხველი ხარ, გეცოდინება რომ ღია კომუნიკაცია წარმატებული ურთიერთობის საფუძველია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ პარტნიორს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ხშირად ჰკითხეთ მას, როგორ გრძნობს თავს და რა სჭირდება თქვენგან.
აქტიურად მოუსმინეთ მის სიტყვებს, გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა და თანაგრძნობა. ნუ შეეცდებით პრობლემების მყისიერ გადაჭრას ან მისი გრძნობების შეფასებას. უბრალოდ იყავით მასთან, მოუსმინეთ და აჩვენეთ, რომ თქვენთან უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
3. მოთმინება და თანაგრძნობა
თანაგრძნობა პარტნიორის გრძნობების გაზიარებასა და მისი პოზიციიდან სიტუაციის აღქმას გულისხმობს.
ესაუბრეთ მას სითბოთი და თანაგრძნობით. აჩვენეთ, რომ გესმით მისი ტკივილი.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად მარტივად არ გვარდება და დროს მოითხოვს. მოთმინება აუცილებელია, რადგან შესაძლოა, განკურნების გზაზე მდგომარეობა გაუარესდეს. ნუ დააჩქარებთ პროცესს და ნუ დაელოდებით მყისიერ შედეგებს.
4. პროფესიონალური დახმარების წახალისება
მიუხედავად თქვენი მხარდაჭერისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვისთვის პროფესიონალური დახმარება მნიშვნელოვანია.
წაახალისეთ თქვენი პარტნიორი, მიმართოს ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. შესთავაზეთ დახმარება სპეციალისტის პოვნაში და უთხარით, რომ თუ ის კომფორტულად იგრძნობს თავს, პირველ ვიზიტზე მასთან ერთად იქნებით.
მნიშვნელოვანია, რომ არ დააძალოთ არაფერი და აჩვენოთ, რომ მის გადაწყვეტილებებს მხარს უჭერთ.
5. მხარდამჭერი გარემოს შექმნა
შექმენით სახლში გარემო, სადაც თქვენი პარტნიორი თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობს. მოარიდეთ სტრესულ გარემოსა და თრიგერებს, რამაც შეიძლება გააუარესოს მისი მდგომარეობა. ეცადეთ, შეუქმნათ გარემო, რომელიც იცით, რომ დაამშვიდებს და თავს უკეთ აგრძნობინებს.
6. ერთობლივი აქტივობები
ერთობლივი აქტივობები შეიძლება კარგი საშუალება იყოს პარტნიორის მხარდაჭერისთვის. ერთად დაკავდით ფიზიკური აქტივობებით, როგორიცაა სეირნობა ან ვარჯიში. ისაუბრეთ ყველაფერზე – ინტერესებზე, მომავალზე, წარსულზე, აწმყოში განვითარებულ მოვლენებზე.. უყურეთ ფილმებს, წაიკითხეთ წიგნები, ხელით შექმენით სხვადასხვა კრაფტები, მოუსმინეთ მუსიკას, იცეკვეთ, წამოწექით ჩუმად და სქროლეთ შორთები, გადით ბუნებაში და მოუსმინეთ სამყაროს.. ეს ყველაფერი განტვირთვასა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
7. აღნიშნეთ მცირე წარმატებები
ნებისმიერი პროგრესი მნიშვნელოვანია. აღნიშნეთ მცირე წარმატებები, რომლებსაც პარტნიორი აღწევს. ეს შეიძლება იყოს სამსახურში კონკრეტული დავალების წარმატებით შესრულება, გემრიელი საკვების მომზადება, თერაპიაზე წასვლა, სოციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუ, ახალი ჰობის დაწყება. თქვენი აღიარება და მხარდაჭერა მას დამატებით მოტივაციას მისცემს.
8. არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის მოვლა
თქვენც უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. პარტნიორის მხარდაჭერა შეიძლება ემოციურად დამღლელი იყოს. გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის, დაკავდით ფიზიკური აქტივობებით და გამოიძინეთ საკმარისად. საჭიროების შემთხვევაში, იპოვეთ მხარდამჭერი გარემო მეგობრების, ოჯახის ან თუნდაც პროფესიონალების სახით.
და ბოლოს..
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვა რთული პროცესია, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული მნიშვნელოვანია პარტნიორისთვის.
სითბო, ემპათია, კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალის დახმარების წახალისება, ის ძირითადი ელემენტებია, რომლებიც ამ გზაზე დაგეხმარებათ.
გახსოვდეთ, რომ ერთად უფრო ძლიერები ხართ და სირთულეების გადალახვის შემდეგ თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ძლიერი და მყარი იქნება.
სოფო 🌸