მახსოვს მისი მანქანა..

მახსოვს მისი მანქანა..
ავტორი: თამარ ყაზაიშვილი

ნუთუ ყველა ქცევა უნდა აიხსნებოდეს და უბრალოდ ბედნიერება არ შეგვიძლია?! სად არის მორალის ხაზი?

მახსოვს მის მანქანაში ვიჯექი. ფანჯარა ბოლომდე ჩამოწეული მქონდა. ნიავი მიბერავდა და თმებს საშინლად მიწეწავდა. მუსიკა ბოლო ხმაზე იყო ჩართული, არ მახსოვს რომელი.. მანქანა ნელა მიდიოდა, არ უნდოდა სახლში მალე დავეტოვებინე, ისევე, როგორც ჩემს ფიქრებს არ უნდოდათ ჩემი მიტოვება.. მის მანქანაში ვიჯექი, თუმცა იქ არ ვიყავი. ჩემი ნებით გავედი სახლიდან, მეტიც, ჩემი ინიციატივით ვსეირნობდი მასთან ერთად.. დაუსრულებლად ვსაუბრობდით, თითქოს ულევი იყო თემა.. თუმცა ხანდახან ჩამოვარდნილი სიჩუმის წამი, ჩემზე ცუდად მოქმედებდა. შინაგანი ხმა არ მასვენებდა..

მახსოვს, სახლიდან გამოსვლამდე დაუფლებული სიმარტოვის განცდა. მახსოვს საკუთარ თავს როგორ ვეუბნებოდი: – ახალგაზრდა ქალი ლოგინში ჩაწოლილხარ, მისი უყურადღებობის გამო დასევდიანებული, მაშინ, როცა ზუსტად იცი, სხვები სიხარულით გაატარებდნენ შენთან ერთად დროს.. 

მსგავსი რამეებით ვივსებდი ტვინს, თუმცა ვიცოდი, მას ყველასა და ყველაფერზე მეტად ენდომებოდა ჩემთან ყოფნა, უბრალოდ ეს შეუძლებელი იყო. მე სამყაროზე ვბრაზობდი, რატომ იყო ის ასე შორს ჩემგან… რატომ მაძლევდა საშუალებას სიმარტოვე შემეგრძნო?! ასეთ დროს, ხომ აუცილებლად ვიპოვიდი რამეს, რაც ამ გრძნობებისგან თავს დამაღწევინებდა?! და ეს, ალბათ, არასწორი რამე იქნებოდა.

ვიჯექი მანქანაში, ვიღიმოდი. როგორც მჩვევია – ხმამაღლა და ხელების მოძრაობით ვლაპარაკობდი.. ემოციებს არ ვმალავდი, გაოცებისას თვალებს ფართოდ ვახელდი, სიბრაზისას შუბლზე ათ ნაოჭს ვჭმუხნიდი. ფიქრი რომ ფიზიკური სხეული იყოს, აი, მისი ნაოჭების ჭმუხვნა მერე გენახათ..

ვიჯექი სხვის მანქანაში და მარტოდ აღარ ვგრძნობდი თავს.. 
ახლა ის ბოროტი შინაგანი ხმა, რომელმაც დამაჯერა რომ მარტოსული ვარ, თითქოს ამაყობდა, მეუბნებოდა – ხომ ხედავ, არიან სხვა ადამიანები, ვისაც მოსწონხარ, ვისაც შენთან დროის გატარება მოსწონს.. უღირს! ყველაფერს ურჩევნია! და რაც მთავარია, შეუძლია! ამიტომ მეც შემეძლო აუღელვებლად მომესმინა მუსიკისთვის ამ მანქანაში, მეცინა და მელაპარაკა ისე, რომ თავი დამნაშავედ არ მეგრძნო, რომ თითქოს ამ ვიღაცას გულს გავუტეხავ, ვუღალატებ, ან ორივე ერთდროულად.

მახსოვს, გვიან ღამით სახლში მისულს კმაყოფილების ღიმილი დამკრავდა სახეზე. თითქოს გამოცლილი ენერგია შევივსე, დავიტენე ემოციურად, მაგრამ ძალიან ძლიერად მეძინებოდა.. 

დავწექი. ცრემლებმაც არ დააყოვნეს.
სულ რაღაც 7 წუთის წინ ბოლო ხმაზე ვიცინოდი და აღტაცებით ვუყვებოდი სასაცილო ამბებს, ახლა რა მოხდა? დანაშაულის გრძნობა მაწუხებს? რა დავაშავე? ვინმეს ვაწყენინე? ვინმეს ვუღალატე? რამე შემეშალა? არ უნდა მექნა? ახლა ისევ ის შინაგანი ხმა დაბრუნდა. ვერ გავუგე, არ მესმის რა უნდა. მე ხომ ის გავაკეთე, რაც მართლა მინდოდა, არავისთვის მიღალატია, არავინ გამიცრუებია.

– “ხომ იცი, რამდენად შეგიძლია გიყვარდეს და უერთგულო. ხოდა, მორჩი ტირილს, დაიძინე და ამის შემდეგ აღარ გააკეთ` ის, რაც აგატირებს ან საკუთარი თავის გაკიცხვის უფლებას მოგცემს…”

თითქოს თავს ვიმშვიდებ და ტირილს არ ვწყვეტ, თითქოს ასე ყველაფერი მოგვარდება და ძილში მივდივარ..

დავიძინე. მორიგ საღამოს იგივე გავაკეთე. რატომ? 
ან სასოწარკვეთილებისგან, მარტოობისა და მოწყენილობისგან იხრჩობოდი, ან რაღაც აღმატებულს გრძნობდი და არ განაღვლებდა, შეცდომა რომ იყო.. ან ორივე ერთად. 
თუ იმპულსურ საქციელს ახსნი, ანუ გაცნობიერებულ სისულელეს აკეთებ, თუ ვერ ხსნი და შეცდომას ისე იმეორებ, მაშინ სულელი ხარ და ვერ აცნობიერებ.. მაგრამ, ხომ შესაძლებელია გულს, გულწრფელად უნდოდეს უბრალოდ გაღწევა და გამხიარულება?!
..კი, მართლა მომწონდა ყველაფერი. პირველ რიგში, მამხიარულებდა… ამისთვის თავის გაკიცხვა არ მინდა! იქნებ, უბრალოდ ეგოისტი ვარ…?! ნუთუ რომელიმე ადამიანი არ არის?!
მე ხომ უბრალოდ წუთიერ ბედნიერებას მანიჭებდა ის მანქანა, ის საუბრები…

თუმცა მას შევუყვარდი.. და ჩემი ეგოისტობა აქ უკვე მეტისმეტად უადგილოა!
ალბათ, სწორედ აქ გადის მორალური ზღვარიც და აქ უნდა გაჩერდე – წერტილზე, სადაც სხვისი გრძნობები რამდენიმე საღამოს გამხიარულებისთვის არ უნდა დაიკიდო.

სიყვარულით,
თამარა🌸