რა იქნებოდა..?!

რა იქნებოდა..?!
ავტორი: მედი გუმბერიძე

რამდენიმე წლის წინ, ერთმა ხანდაზმულმა მამაკაცმა ინტერვიუში თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი სინანული დაასახელა. ჟურნალისტი ელოდა, რომ ის განვლილ წლებზე, შეცდომებზე ან კარიერაზე ისაუბრებდა, მაგრამ კაცმა სულ სხვა რამ გაიხსენა…

ახალგაზრდობაში გოგონა ჰყვარებია, რომელთანაც მეგობრობის მეტი არაფერი აკავშირებდა. ყოველდღე ხვდებოდა, საათობით ესაუბრებოდა, მაგრამ საკუთარი გრძნობების გამხელა არასდროს უცდია. 

ეშინოდა უარის, დაცინვის, მათი ურთიერთობის გაფუჭების, ან ვინ იცის…

“ვერ გეტყვით, ვუყვარდი თუ არა,“ — თქვა მან. 

“შესაძლოა უარი ეთქვა”

“წლები გავიდა, მაგრამ მთელი ცხოვრება ერთმა კითხვამ არ მომცა მოსვენება – რა იქნებოდა?“

ალბათ, ზუსტად მსგავს კითხვებში იმალება ყველაზე დიდი ტკივილი…

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენც ცხოვრებაში მეტად უცნაურად, იდუმალად შემოიჭრნენ. არასდროს გვქონია ურთიერთობა, არც ის გვითქვამს ოდესმე გვიყვარდა თუ არა ერთმანეთი. ზოგჯერ ისინი – ჩვენი, ჩვენ კი – მათი არასდროს ვყოფილვართ!

და მაინც, რატომ ხდება რომ ასეთი ადამიანის დაკარგვა შეიძლება ისეთივე მტკივნეული აღმოჩნდეს, როგორიც “დასრულებული” სიყვარულის ისტორიაა?!

როდესაც ურთიერთობა სრულდება, ამას ყოველთვის აქვს რაღაც მიზეზი (ლოგიკური იქნება ეს, თუ აზრსა და ლოგიკას საკმაოდ მოკლებული).. ვიცით პასუხი… და დარწმუნებულები ვართ, რომ დასრულდა, დავკარგეთ!

ძალიან რთულია დაკარგო სიყვარული, საყვარელი ადამიანი, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრად რთულია იფიქრო “რა იქნებოდა?!”

“რა იქნებოდა, რომ მეთქვა – მიყვარხარ?!”

“რა იქნებოდა, რომ არ დამემალა გრძნობები”

რა იქნებოდა…

წლები გადის. ვიცვლებით. იცვლება ჩვენი გრძნობები, შეხედულებები, იმედები, მაგრამ ეს კითხვები ყოველთვის ჩვენში რჩება. სადღაც, ძალიან ღრმა – ბნელ კუთხეში. არა იმიტომ, რომ ეს დიდი სიყვარული იყო, რომელიც სამწუხაროდ ამა, თუ იმ მიზეზის გამო დავკარგეთ, არამედ იმიტომ, რომ არასდროს მიგვიღია მათზე პასუხი.

ადამიანს დასრულებულ ისტორიაზე მეტად, ყოველთვის პასუხგაუცემელი კითხვები უღრღნის გულს და მოსვენებას არ აძლევს.

ასეთ შემთხვევებში ხშირია მონატრება. გვენატრება წარსული და მასთან გატარებული დღეები. თქვენი აზრით, ამ დროს ადამიანის მიმართ გვაქვს ეს მწარე მონატრება თუ იმ მომავლის, რომელიც მის გვერდით დავხატეთ?! ამბის, რომელიც რეალურად არასდროს დაწერილა?!

სწორედ ამიტომ, შესაძლოა ყველაზე მძიმე განშორებადაც ეს მივიჩნიოთ. 

შენ არ კარგავ ადამიანს ღალატის, გრძნობის გაუფერულების ან სხვა მიზეზთა გამო, არამედ იმიტომ, რომ ვერ გაბედე! ვერ გაბედე გადაგედგა ნაბიჯი, ხმამაღლა, ყველას გასაგონად გეყვირა რომ გიყვარდა! ვერ გაბედე და სწორედ ამიტომ…

ასეთ შემთხვევაში შენ ადამიანს კი არა, შესაძლებლობას კარგავ! შესაძლებლობას, რომელიც ოდესღაც შენს წინ იყო, შენ გელოდებოდა, მაგრამ…

წლების შემდეგ, როცა ყველაფერი დასრულებული იქნება – სწორედ ეს დაგტანჯავს ყველაზე მეტად! არა ის, რაც მოხდა. არამედ ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. იმ კარის მსგავსად, რომელიც არასდროს გაგიღია, ვერასდროს გაიგებ – რა იქნებოდა!

და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაა ყველაზე მძიმე განშორება ის, რომელიც საერთოდ არ მომხდარა.

სიყვარულით,
მედი🌸