დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენივე პიროვნებას განსაზღვრავს?
ასახავს ჩვენს შიშებს, სურვილებსა და ემოციურ მიდრეკილებებს..
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც აყალიბებს იმას, თუ როგორ ვურთიერთობთ სხვებთან, არის მიჯაჭვულობის ტიპი – სქემა, რომელიც ბავშვობიდან მოგვყვება..
დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, რამდენი სახის მიჯაჭვულობა არსებობს, როგორია მათი ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ, თუ საკუთარ თავს ან ჩვენს პარტნიორს ამოვიცნობთ..
მოკლედ დავიწყოთ…
მიჯაჭვულობის თეორია, რომელიც თავდაპირველად ფსიქოლოგმა ჯონ ბოულბიმ შეიმუშავა, განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს ჩვილსა და აღმზრდელს შორის კავშირი ემოციურ განვითარებაზე.. ეს ადრეული გამოცდილება განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვაყალიბებთ რომანტიკულ ურთიერთობებს ზრდასრულ ასაკში, ვენდობით თუ არა პარტნიორებს და როგორი დამოკიდებულება გვაქვს სიახლოვესთან..
არსებობს ოთხი ძირითადი მიჯაჭვულობის ტიპი:
- უსაფრთხო მიჯაჭვულობა
- შფოთვით-ამბივალენტური მიჯაჭვულობა
- თავის არიდებითი მიჯაჭვულობა
- არაორგანიზებული მიჯაჭვულობა
უსაფრთხო მიჯაჭვულობა: ჯანსაღი ურთიერთობების საფუძველი
უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ პარტნიორთან და, როგორც წესი, ენდობიან მას..
მიჯაჭვულობის ეს ტიპიც ბავშვობიდან იღებს სათავეს..
თუ მშობლებს ბავშვთან ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ და თანმიმდევრულები არიან აღზრდის ყველა ეტაპზე, უსაფრთხო მიჯაჭვულობა ყალიბდება..
ასეთმა ადამიანებმა იციან, როგორ გამოხატონ თავიანთი სურვილები და მზად არიან მიიღონ სიყვარული და მხარდაჭერა უარის მიღების შიშის გარეშე..
უსაფრთხო მიჯაჭვულობა ურთიერთობებში ასე გამოიხატება:
- თავს კომფორტულად გრძნობ მოწყვლად მდგომარეობაშიც
- დარწმუნებული ხარ პარტნიორის სიყვარულსა და ერთგულებაში
- კონფლიქტს უმკლავდები ღია კომუნიკაციით
შფოთვით-ამბივალენტური მიჯაჭვულობა: მიტოვების შიში
შფოთვით-ამბივალენტური მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები ხშირად წუხან, რომ მათ პარტნიორს არ უყვარს ისინი ისე, როგორც მათ უყვართ ის..
ეს შფოთვა მომდინარეობს ბავშვობაში არათანმიმდევრული ზრუნვისგან..
შედეგად, ასეთი ადამიანები მუდმივად ითხოვენ პარტნიორებისგან სიყვარულის დამტკიცებას, რათა თავი დაცულად იგრძნონ..
შფოთვითი მიჯაჭვულობის ნიშნებია:
- მიტოვების ან უარყოფის შიში
- გადაჭარბებული ფიქრი და შფოთვა ურთიერთობის სტატუსზე
- მუდმივი ვალიდაციისა და ყურადღების მოთხოვნილება პარტნიორისგან
თავის არიდებითი მიჯაჭვულობა: დამოკიდებულების შიში
თავის არიდებითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებს დამოუკიდებლობის გადაჭარბებული მოთხოვნილება აქვთ..
მარტოობის ასეთი სურვილი, როგორც წესი, სათავეს იღებს ბავშვობიდან, როდესაც აღმზრდელს ბავშვთან არ ჰქონდა ახლო ემოციური კავშირი..
შედეგად, ისინი სწავლობენ საკუთარ თავზე დაყრდნობას და გაურბიან ახლო კავშირებს..
თავის არიდებითი მიჯაჭვულობის ნიშნებია:
- ემოციების გამოხატვის სირთულე და დაუცველობის შეგრძნება
- გადაჭარბებული დამოუკიდებლობის სურვილი, თუნდაც რომანტიკულ ურთიერთობებში
- დისკომფორტი სიახლოვის გამო და განმარტოებით ყოფნის ხშირი სურვილი
არაორგანიზებული მიჯაჭვულობა: შიში და დაბნეულობა
არაორგანიზებული მიჯაჭვულობა ხშირად ბავშვობაში მიღებული ტრავმის ან მნიშვნელოვანი ემოციური უგულებელყოფის შედეგია..
მიჯაჭვულობის ამ ტიპის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება ურთიერთობებისადმი – მათ სურთ იყვნენ რომანტიკულ ურთიერთობაში, მაგრამ ასევე ეშინიათ ამ მდგომარეობის..
არაორგანიზებული მიჯაჭვულობის ნიშნებია:
- არათანმიმდევრული ქცევა ურთიერთობებში, მერყეობა მიჯაჭვულობასა და თავის არიდებას შორის
- როგორც სიახლოვის, ისე მარტო ყოფნის შიში
- ნდობის სირთულეები
როგორ გავთავისუფლდეთ არაჯანსაღი მიჯაჭვულობისგან?
მიჯაჭვულობის აღიარება პირველი ნაბიჯია ურთიერთობის გასაუმჯობესებლად..
სანამ თქვენი, ან თქვენი პარტნიორის მიდრეკილებების აღმოჩენებს გააკეთებთ – შფოთვითი, თავის არიდებითი ან არაორგანიზებული მიჯაჭვულობის კუთხით, ჩვენს მიერ RESET: Kit-ის ფარგლებში სპეციალურად შემუშავებული სავარჯიშოებისა და გზამკვლევების მეშვეობით, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
1. თვითშემეცნება – დაუთმეთ დრო თქვენს ქცევაზე ფიქრს და დასვით კითხვები.. საკუთარი თავის შესწავლა არაჯანსაღი ჩვევების მართვაში დაგეხმარებათ..
2. ღია კომუნიკაცია – გაუზიარეთ ფიქრები პარტნიორს და ღიად ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ აისახება თქვენი ან მისი ქცევა ურთიერთობაზე..
3. თერაპია და პიროვნული ზრდა – გახსოვდეთ, რომ მიჯაჭვულობა არ არის სამუდამო და დროთა განმავლობაში თქვენმა ქცევამ შესაძლოა სახე იცვალოს.. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ არაჯანსაღი მიჯაჭვულობის მართვაში..
4. ნდობისა და ემოციური უსაფრთხოების ჩამოყალიბება – კონცენტრირება მოახდინეთ ურთიერთობებში ნდობის განვითარებაზე.. ჯანსაღი დინამიკის შექმნის გასაღები ემოციური უსაფრთხოების ხელშეწყობაა, რომელიც ღია კომუნიკაციით იწყება..
და ბოლოს..
თქვენი მიჯაჭვულობის ტიპის დადგენითა და სწორი მიდგომით, შეგიძლიათ შექმნათ ჯანსაღი ურთიერთობა.. ეს ყველაფერი თავისთავად დროს, ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს..
მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი ურთიერთობების საფუძველი ყოველთვის პიროვნული ზრდაა.. უსაფრთხო მიჯაჭვულობა არ ნიშნავს იყო სრულყოფილი ან არ გქონდეს შიშები – ეს ნიშნავს გქონდეს ინსტრუმენტები ამ შიშების ჯანსაღი გზით მართვისათვის!
სოფო არდაზიშვილი 🪷