როგორ ვიქცევით ადამიანები მოჩვენებებად?

როგორ ვიქცევით ადამიანები მოჩვენებებად?

ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც აწმყოდან წარსულს უბრუნდები ადამიანი.. იმ წარსულს, რომელიც გგონია, რომ უკვე დიდი ხნის წინ მოიტოვე უკან.. დადიხარ ნაცნობ და ამავდროულად უცხო ქუჩებში, მოჩვენებასავით მიუყვები გაუცხოვებულ ადგილებს, თითქოს ყველაფერი ახალი და უცხოა, თითქოს ნაცნობი არსად არავინ არის..

შენი წარსული და წუთები ისე მიატოვე,  თითქოს არც არასდროს ყოფილა.. მიუყვები უცნაური სიცარიელით, როგორც მოჩვენება, რომელიც წარსულში დაბრუნდი.. სადღაც შორიდან ხედავ შენს თავს და მეგობრებს, როგორ დადიოდით ოდესღაც ამ ქუჩებში, როგორ გელაპარაკებოდნენ ეს ადგილები, რომელიც ასეთი უცხო გამხდარა შენთვის.. ამოუცნობ სევდას დაატარებ გულით.. 

ნუთუ ამას გრძნობენ ადამიანები?
როგორ შეუძლიათ ამხელა სევდა დაიტიონ გულში? 
ასეთი სიცარიელით იარონ? 
როგორ ვიქცევით ადამიანები მოჩვენებებად?
ის რაც ოდესღაც ჩვენი იყო საკუთარი, ახლა ასე ახლოს ვართ და მიუწვდომელი და უცხოა, შორეული..

დრონი გასულან….. 
და ჩვენ შევიცვალეთ?
ვინ იცის…    
იქნებ კი, ან იქნებ არც…
გარემოებები კი შეცვლილან.. ადგილებიც..
მე კი მოჩვენებად გადავქცეულვარ და იქნებ შენც? 
სად ხარ ან როგორ ხარ? 
სად გაქრა ის საუბრები ოდესღაც, რომ ყოფილა ამ უცხო ადგილებში?
სად გაქრა ის სიცილი, ან ის ცრემლები აქ რომ ყოფილა ოდესღაც? 
სად არის ის სიტყვები, რომელიც არც არასდროს თქმულა? 

შემოდგომის ამ სუსხიან დღეს, მოჩვენებასავით დავდივარ ქუჩებში და ვუსმენ წარსულის ხმებს.. დრონი გასულან! და მაშინ, როცა შემოდგომის სუსხი სულში ნელა გეპარება წარსულთან ერთად, შენ თვალებს აცეცებ არარსებულის  დასანახად.. იქნებ წამით მაინც მოლანდო სადმე, იქნებ სადმე ახლოს არის?

და ნეტავ როგორ არის? ეკითხები საკუთარ თავს და ფიქრობ იქნებ კვლავ შედგეს ოდესმე ის მონატრებული დიალოგი ოდესღაც, რომ იყო წარსულში..

დრონი გასულან…

ყვითელი ფოთლები კვლავ ცეკვავენ და ჭექა-ქუხილიც კვლავ ტაშს უკრავს უკიდეგანოდ.. შენ დადიხარ მოჩვენებასავით წარსულის ქუჩებში და ეკითხები რა იქნებოდა? რა იქნებოდა არარსებული, რომ ყოფილიყო, რომელიც არც ყოფილა და არც არასდროს იქნება? რაღაც წამს, რაღაც მომენტში უთქმელი სიტყვები, რომ თქმულიყო? 

გიფიქრიათ რამხელა ძალა აქვს სიტყვებს?
იქნებ სიტყვებია მთავარი ძალა?
იქნებ სიტყვებია ყველაფრის გასაღები?

დრონი გასულან….

შემოდგომის სუსხიან გზაზე, სადაც მდინარე განუწყვეტლივ გეჩურჩულება წარსულის ამბებს, დგახარ და ფიქრობ, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია მთავარი გასაღებია ურთიერთობის.. და გამუდმებით ეკითხები საკუთარ თავს – რა იქნებოდა ართქმული რომ გამოთქმულიყო? 

მაშინ წარსულში, ზუსტად აქ აი ამ ადგილას ის სიტყვები, რომ თქმულიყო, რომელიც ორივემ იცოდით და არ გააჟღერეთ? 

გიფიქრიათ ადამიანის ბუნებაზე? ნუთუ ეს არის ადამიანის მთელი წრე წარსულიდან აწმყოში და ისევ წარსულში? 

ადამაინის მთელი სვლა, ამოუცნობისკენ სწრაფვაა.. სწორედ ამიტომ არის ასეთი მიმზიდველი წარსული, რომელიც არ თქმულა.. 

პასუხი დიდი ხანია იცი!
იცი, რომ ართქმული სიტყვები ბევრად მეტს ნიშნავდა და ბევრად სჯობდა ამ წამებისთვის.. მაგრამ ადამიანი ადამიანია..

შემოდგომის ამ სუსხიან ამინდში, მაშინ როდესაც მდინარე წარსულის საიდუმლოებს მიმღერის მე ზუსტად ვიცი, რომ ასე სჯობდა, რომ ასე უნდა ყოფილიყო, რომ ეს გზა იყო ერთადერთი ნათელი და სწორი გზა ჩემთვის.. სადაც ყველაფერი რეალურია და არა თამაში..

მაგრამ ადამიანი ადამიანია.. მე მოჩვენებასავით ვდგავარ წარსულის ქუჩებში და ვნატრობ.. ვნატრობ რომ მომესმინა.. ვნატრობ რომ დავინახო.. ვნატრობ იმ დიალოგს, რომელიც დიდი ხანია აღარ შემდგარა და ალბათ აღარც შედგება..

ვუსმენ წარსულის სიმღერას, ჭექა-ქუხილის ტაშს და ვხედავ როგორ ცეკვავენ ფოთლები ქართან..

დრონი გასულან….

ნინო ირემაშვილი 🌸