და მართლა შენი სული მსურს?!

და მართლა შენი სული მსურს?!

წინა სტატიაში უკვე განვიხილეთ მოლოდინი, რომელიც თავის მხრივ ქალსაც და მამაკაცსაც გააჩნია პირად ურთიერთობაში…
და რა არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება სიყვარულში?!
ხშირად ეს თავად ურთიერთობის დასასრული კი არა, არამედ ამ დასასრულამდე მისასვლელი ეკლიანი გზა გახლავთ, რომელიც მოფენილია ვერ გამართლებული მოლოდინით, ჩვენივე შექმნილი ილუზიის ნამსხვრევებით და სევდით…

პარტნიორულ ურთიერთობაში წყვილს ყოველთვის აქვს რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი, რაც მათ გამოარჩევს სხვებისგან, უფრო უნიკალურს და განსაკუთრებულს გახდის..

და როცა  ოცნებები ხორციელი ხდება, მაგრამ ვერ იძენს ფრთებს, მარცხი გარდაუვალი ხდება, რადგან პარტნიორებმა არ იციან როგორია “ბრძოლისთვის” სწორი ფორმა “გრძნობების ომში”.. 

თავდაპირველი ვნება და მისი თანმდევი ენთუზიაზმი დროის გასვლის შემდეგ იცრიცება და იქ იწყება შეცნობა მარტივი ჭეშმარიტების, რომ თქვენც და თქვენი პარტნიორიც ჩვეულებრივი ადამიანები ხართ, თავისი სისუსტეებით, გაუგებრობითა და ჭირვეულობით..

მოლოდინი, რომელიც ასე აკავშირებდა ორ გულს ნელ-ნელა წყვეტს კავშირს, ეს იმედგაცრუება არ არის მხოლოდ ტკივილი, ეს ასევე ზრდის მომენტია, იქნებ ზუსტად აქ იმალება განვითარების შესაძლებლობა?! ან იქნებ დასასრული, რომელიც ორივე მხარეს თავის წილ თავისუფლებას მოუტანს?!

მაშ ასე, თუ კი თქვენ ერთად გადაწყვეტთ, რომ ეს “შესაძლებლობა დაიჭიროთ” და ორივესთვის სასურველ შედეგამდე მიიყვანოთ, რაც ერთად ყოფნას გულისხმობს ჩამოვაყალიბოთ “ხუთ ოქროს პუნქტად” რაც დაგეხმარებათ ერთად გაუმკლავდეთ ქარიშხალს..

1. გულახდილი საუბრის ძალა! – როდესაც მოლოდინი განსხვავდება რეალობისგან, მშვიდობისკენ პირველი გადადგმული ნაბიჯი ეს გულწრფელი დიალოგია.. ეს ის მომენტია, როცა ორი ადამიანი ერთმანეთთან შიშვლდება, ყოველგვარი ნიღბის, თავის მოწონებისა და თავდაცვის გარეშე.. განა საუბარი საუბარისთვის, ან გამჭოლ, პრეტენზიულ მსჯელობაზე დამყარებული დიალოგი არამედ ერთმანეთის სურვილების, იმედების, ბრაზის, ბედნიერების სიტყვიერი ჩამოყალიბება და ოქროს შუალედის არჩევა..

2. მოლოდინების თავიდან შეფასება! – გაუზიარეთ ერთმანეთს, რისი მიღება გსურთ ურთიერთობისგან.. რაზე ხართ წამსვლელი, რომ თქვენი ერთობა არ დაირღვეს.. რას ელოდებით თავად პარტნიორისგან ამა თუ იმ სიტუაციაში და ნუ შეგაშინებთ სააშკარაოზე გამოიტანოთ თქვენი ის წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთაც პარტნიორსაც კი არ შეუძლია, რადგან თქვენ პირად სივრცეს არღვევს.. ასევე მზად იყავით და მიმღებლობა გამოიჩინეთ იმისათვის, რომ თავადაც “დაგიწესებენ საზღვრებს”..

3. პატიების სწავლა! – პატიება აუცილებელია, როგორც ჭრილობების მოსაშუშებლად ასევე სულ მცირე მშვიდად  გზის გასაგრძელებლად. ეს ასევე მოიცავს არა მხოლოდ პარტნიორისთვის მიტევებას არამედ საკუთარი თავისთვისაც, რათა შეწყვიტოთ გონებაში დამნაშავის ძიება და უბრალოდ საკითხს მიუდგეთ პრაქტიკულად, გაიაზროთ სიტუაციის სიმძიმე და მიიღოთ მოცემულობა, რომელშიც ყოფნას ან არ ყოფნას პატიების შემდეგ გადაწყვეტთ!

4. ბედნიერება წვრილმანებშია! – მართლაც, რომ ბედნიერება წვრილმანებშია! თუნდაც გულწრფელი საუბრისას გულითადად მოსმენა, ემოციური ფონის დროს მოთმინება, რათა “ორთქლი გამოუშვას” თქვენმა მეწყვილემ.. იმ საუბრის ბოლომდე, შეუკამათებლად მოსმენა, რომელსაც არ ეთანხმებით, მაგრამ ცდილობთ არ გააუფასუროთ მისი ეს კონკრეტული ხედვა, თქვენი აგრესიული მიმიკით, შეძახილით, ოხვრით და ა.შ..

5. ნაპერწკლის გაღვივება! – იმედგაცრუების გადალახვა, უკვე ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობაში თავიდან მოგიწევთ გააღვივოთ ცეცხლი.. თქვენ ახლა, უკვე განვლილი რამოდენიმე საფეხური, რომელიც წინაზე სირბილით აირბინეთ თავიდან ყურადღებით და ნელი სვლით უნდა აიაროთ.. რისთვისაც მეტი მოთმინება და ენერგია დაგჭირდებათ, ვიდრე მაშინ როცა ამას სულ პირველად აკეთებდით.. უნდა იპოვოთ გზები, როგორ შთაბეროთ ურთიერთობას ახალი სული.. ეს იქნება ახალი საერთო ჰობის შეძენა, გიჟური თავგადასავალი, მოგზაურობა თუ მეტი დროის ერთად გატარება ახალ ადგილებში.. ყველაფერი ახლის გამოცდა რაც კიდევ სხვანაირად შეგახედებთ ერთმანეთზე, როგორც ცალკე მყოფ პიროვნებებზეც და თან იმაზე თუ, როგორი ერთიანები ხართ.. 

ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იმედგაცრუება აღარ არის განაჩენი..
ის გარდაიქმნება ახალი შესაძლებლობების სარკედ, რომლის მიღმაც პარტნიორები ვითარდებიან და სწავლობენ, როგორ დაამყარონ უფრო ღრმა და რეალური კავშირი თავიანთ პარტნიორებთან..

აქვე ტრადიციულად მინდა გირჩიოთ სამი ფილმი, რომელიც ჩვენ დღევანდელ თემას პასუხობს:
1. 500 Days of Summer (2009) – ზაფხულის 500 დღე; 2. Revolutionary Road (2008) – ცვლილებების გზა; 3. Blue Valentine (2010) – საბრალო ვალენტინი.

სიყვარულით,
ირმა ივანიშვილი 🌸