ბავშვობიდან მწამს, რომ როდესაც ადამიანი იბადება, თავისი ბედი ფეხდაფეხ მოსდევს.. არ სცილდება..
სწორედ დასაწყისიდანვე აქვს ბედმწერს გადაწყვეტილი, რომ თითოეულ ჩვენგანს, ერთი უნდა უყვარდეს ყველაზე ძლიერ და ერთს უნდა ვუყვარდეთ ჩვენც იმ გრძნობით, შლეგ სიყვარულს რომ უწოდებენ..
რას ვგულისხმობ?! მოგეხსენებათ, ხშირად ადამიანებს მარტივად არ უმართლებთ ცხოვრებაში და სიყვარული არა თუ ერთხელ, არამედ რამდენიმეჯერ ეწვევათ ხოლმე.. შეიძლება ბევრისთვის ყოველივე ეს მიუღებელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას აქვს ბედნიერების უფლება!
არის შემთხვევები, როდესაც დროის გასვლის შემდეგ წყვილს შორის გრძნობა უფერულდება, ზოგჯერ საყვარელი ადამიანი საშინელ ტირანად გადაიქცევა, ან კიდევ სამყარო გამოგაცლის ფეხქვეშ მიწას და წაგართმევს ხოლმე და რა?! ასეთ ადამიანებს მეორე შანსი არ უნდა მივცეთ?! კარგი, მოდი თავდაპირველ თემას დავუბრუნდეთ..
როგორც უკვე ვახსენე, შეიძლება რომ არა ერთხელ, არამედ რამოდენიმეჯერ გეწვიოს სიყვარული ცხოვრებაში, მაგრამ იქნება ერთი, რომელიც სისხლს გაგიყინავს, გულს აგიჩქარებს, სამყაროს სულ სხვა ფერებით დაგანახებს.. ეს შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს პირველი სიყვარული (რომელიც რატომღაც ყველაზე ძლიერად მიაჩნიათ ხოლმე) და უკანასკნელი იყოს..
როდესაც დაიბადე, შენი ბედიც მაშინ დაწერილა იქ, ზემოთ და სწორედ მაშინ თქმულა, რომ გეყვარებოდა ერთი ისე ძლიერად, ისეთი სიშმაგით, რომ მის გამო მზად იქნებოდი გეცოცხლა..
მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის!
შენ თუ ერთი მიჯნური გხვდა წილად, რომელიც ამ გრძნობის სრული სიმძაფრით გეყვარებოდა, შენც ერთის სატრფოდ დაუწერიხარ ბედმწერს და ვაი თუ იქ, ზემოთ რაღაც აირევა და ეს ორი ერთმანეთის მიმართ არ იქნება გამიჯნურებული..
დაიბენი?!
დაბნევა იმათი თქვი, ვისაც ასეთი ბედი არგუნეს..
რომ შეგიყვარდება, გულს ამოიღებ და დაუდებ, აჰა, შენი იყოსო, შენი მზე, სინათლის სხივი რომ გახდება, მას კი არ უყვარხარ! ან, უყვარხარ, მაგრამ არა ისე, როგორც შენ!
ამ დროს კი შენს მიმართ სხვა განიცდის სწორედ იგივეს.. ასეა, შეიძლება იქ, ზემოთ რაღაცეები აირიოს და შენი ბედი მისას არ დაემთხვეს..
არსებობენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ელიან, რომ ის, ვინც უყვართ, ბოლოს და ბოლოს იგრძნობს იგივეს.. თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან ეს ასე არ ხდება..
მოლოდინი უიმედოდ იწელება და საბოლოოდ, იძულებულნი არიან დათმონ ის გრძნობა, რომელიც მათთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო..
რა ხდება შემდეგ?! შემდეგ იწყება ახალი გზა!
რთულია ამ გზის გავლა, რადგან ბედის ბილიკი ეკლებით მოეფინება ხოლმე ასეთ დროს და მგზავრს საშინელ ჭრილობას აყენებს, მაგრამ……
ხშირად ფიქრობენ, რომ მეორე შანსი არ არსებობს, რომ ბედნიერება მათკენ აღარასდროს მოიხედავს..
შენ არ იფიქრო ეს!
ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე?!
იქნებ სწორედ ეს ტკივილია შენი მეორე შანსის საწყისი?
განა, სიყვარულის სიტკბო, ტკივილის გარეშე ვის უგემია?!
მედი გუმბერიძე ❣️