სიყვარულის სამკუთხა თეორია..

სიყვარულის სამკუთხა თეორია..

რა არის სიყვარული?

სიყვარულის ხომ მრავალი სახე არსებობს?! რომანტიკული, მეგობრული, დედა-შვილური …
მისი განსაზღვრებაც ხომ რთულია?!
იმასაც ხომ ამბობენ, რომ სიყვარულის ახსნა შეუძლებელია.. რადგან რთულია ამ ნაზ და ლაღ გრძნობას მოუძებნო რაიმე პირობა ან სიტყვაო..

სიყვარულის შესახებ მრავალი თეორია და მცნება დაწერილა..
მეცნიერები, პოეტები, მწერლები, კომპოზიტორები – მრავალ შემოქმედებას უძღვნიან ამ საოცარ  გრძნობას.. 

ფსიქოლოგმა რობერტ შტერნბერგმა შეიმუშავა სიყვარულის სამკუთხა თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სახის ინტიმური ურთიერთობა, ვნება, და ვალდებულება დროის ნებისმიერ მომენტში..

შტერნბერგი სიყვარულის ცნების სამ კომპონენტს გამოჰყოფს. ეს სამივე კომპონენტი შესაძლოა დამახასიათებელი იყოს რომანტიული სახის ურთიერთობისთვის და ინტერპერსონალური ურთიერთობის სხვა ფორმისთვის.

რომელია ეს სამი კომპონენტი?

  • სიახლოვე – ემოციური სიახლოვე და კავშირი;
  • ვნება – ფიზიკური მიზიდულობა და სექსუალური ინტიმი;
  • ჩაბმა – თანაზიარების, საერთო სიყვარულისთვის თავის მიძღვნის არჩევანი;

შტერნბერგი ამ კომპონენტების საშუალებით სიყვარულის შვიდ ტიპს გამოჰყოფს:

  • მეგობრობა – ამ ტიპის სიყვარული შეიძლება იყოს ახლო ურთიერთობის, ანუ სიახლოვის კომპონენტი, რომელსაც აკლია ვნების ან ჩაბმის გრძნობა რომანტიული გაგებით.. მეგობრული სიყვარული შეიძლება იყოს სიყვარულის სხვა ფორმების საფუძველი.
  • გატაცება – ამ ტიპის კომპონენტია ვნება, სიახლოვის და ჩაბმის გარეშე.. ეს ტიპი ხშირად საფუძველია ერთი ნახვით შეყვარებისა, რადგან მას ახასიათებს მყისიერი და ინტენსიური მიზიდულობა სხვა ადამიანის მიმართ.
  • ცარიელი სიყვარული – მისი მთავარი კომპონენტია ჩაბმა.. აქ არ არის ვნება და სიახლოვე, თუმცა ხასიათდება ერთგულებით.. ზოგჯერ, ვნებისა და ემოციური სიახლოვის გარეშე ეს სიყვარული არ არის ხანგრძლივი და მტკიცე, მაგრამ შეიძლება პირიქით მოხდეს და ერთგულების თვისებების გამო საფუძველი შეექმნას სიყვარულის სხვა ფორმის დასაწყისს.
  • რომანტიკული სიყვარული – მისი კომპონენტია სიახლოვე და ვნება.. რომანტიკული სიყვარული არის ემოციური კავშირი წყვილთა შორის ემოციური კავშირის და ფიზიკური ვნებების მეშვეობით. ამ ტიპის ურთიერთობების პარტნიორებს აქვთ ღრმა საუბრები ემოციური დეტალების შესახებ, აქვთ სექსუალური ვნება და სიყვარული, თუმცა შეიძლება გრძელვადიანი ჩაბმა ან სამომავლო გეგმები არ ჰქონდეთ გადაწყვეტილი.
  • თანამგზავრული სიყვარული – მისი კომპონენტებია ჩაბმა და სიახლოვე.. ამ ურთიერთობის პარტნიორები შეიძლება ცხოვრობდნენ ერთად, თუმცა მათში გამქრალი იყოს ვნება. ამავედროს ისინი აგრძელებენ სიყვარულს და ძლიერ კავშირს. ასეთი ურთიერთობა მეგობრობაზე ძლიერია, რადგან მათ გრძელვადიანი ბმა აკავშირებთ.
  • სიყვარული აზრსგარეშე – როცა არის ჩაბმა და ვნება, მაგრამ არ არის ემოციური სიახლოვე.. წყვილის ურთიერთობა სწრაფად ვითარდება, თუმცა არ არიან გახსნილები ერთმანეთის მიმართ და არ აქვთ ემოციური კავშირი. (შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ უფრო ვრცლად საინტერესო ფაქტებს სიყვარულის ამ  ტიპის შესახებ).
  • სრულყოფილი სიყვარული – ის მოიცავს სამივე კომპონენტს: ემოციურ სიახლოვეს, ვნებასა და ბმას.. ასეთი სასიყვარულო ურთიერთობა არის უფრო ხანგრძლივიც და მტკიცეც. პარტნიორები იდეალურად გრძნობენ თავს ერთმანეთის გვერდით. მზად არიან ერთად დაძლიონ პრობლემები და სტრესული სიტუაციები.

შტერნბერგის აზრით, სრულფასოვანი სიყვარულის შენარჩუნება შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე მიღწევა, რადგან სიყვარულის კომპონენტები უნდა ავამოქმედოთ..
ამ ყველაფერს სჭირდება მოქმედება და გამოხატვა, რომლის გარეშეც ვნება იკარგება. 

და, მართლაც ნუ დაველოდებით, როდის დადგება ხვალინდელი დღე, ან მისი შემდგომი დღეები… სიყვარულს არ უხდება გადავადება, რადგან ყოველი წამი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენთვის ძვირფასს ადამიანს დავანახოთ, ვაგრძნობინოთ ჩვენი სიყვარული და გვერდში დგომა!

და, მაინც რა არის სიყვარული?

ალბათ გრძნობა, რომელიც გულში მზესავით გამოანათებს, შენს მთელ სამყაროს შეცვლის და გააფერადებს.. ძალა, რომელიც ქმნის მტკიცე კავშირს შენსა და შენს საყვარელ ადამიანთან.

სიყვარულით,
ანუკი მამუკაშვილი 🌸