როგორც ყველა ადამიანია ინდივიდუალური, თავისებური ჩვევებითა და შეხედულებებით, ასევეა ყველა ურთიერთობაც კომპლექსური და რთული..
ცალკეული ადამიანების მსგავსად, თითოეულ ოჯახსაც განსხვავებული, თავისებური ჩვევები, ტრადიციები და შეხედულებები ახასიათებთ.. შესაბამისად, როდესაც წყვილთა შორის ურთიერთობები იწყება და ყალიბდება, რასაც შემდგომ დაოჯახება და თანაცხოვრება მოჰყვება, პარალელურ რეჟიმში იწყება და ყალიბდება, მეორე ნახევრის უკან მდგომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობები..
ყველა ადამიანისთვის (არ აქვს მნიშვნელობა, ყველა საკითხში ეთანხმება, თუ არა მათ) ოჯახი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გააზრებული გვქონდეს ის ფაქტი, რომ შესაძლოა განსხვავდებოდეს მათი მსოფლმხედველობა და მიდგომები ჩვენი შეხედულებებისგან, თუმცა საყვარელი ადამიანის უკან მდგომი ოჯახის წევრები, ვფიქრობ, ისევე უპირობოდ უნდა მივიღოთ, როგორც ვიღებთ მას..
ბევრი ხუმრობა, ანეგდოტი, თუ მწარე რეალობაა სიძე-სიდედრისა, თუ რძალ-დედამთილის ურთიერთობებზე.. თითქოს არსებობს მოცემულობა, ერთგვარი წინასწარი განწყობა, რომ მათ ერთმანეთი არ უნდა მოსწონდეთ, რომ ისინი ერთმანეთს ვერ გაუგებენ.. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მშობელი შეუცვლელია, ამასთან კი, შენ გიყვარს შენი მეორე ნახევარი, ბუნებრივად დგება პატივისცემის განცდა მისი ოჯახის წევრების მიმართ..
ოჯახში სიმშვიდის გარანტია ურთიერთპატივისცემაა!
არ აქვს მნიშვნელობა, წყვილი რომელიმე მხარესთან ცხოვრობს, თუ ცალკე.. მნიშვნელოვანი ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ პატივისცემა იგრძნობოდეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც შენს რჩეულს უყვარს.. თავისთავად, არც ერთი ურთიერთობა არ არის ცალმხრივი, და არც, მხოლოდ ერთ მხარეზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობები, თუმცა საჭოჭმანო სიტუაციაში, რასაც “ორ ცეცხლს შორის” ჩავარდნა შეერქვა, აუცილებელია ზოგიერთი ნაბიჯი წინ გადავდგათ, ზოგიერთით კი, უკან დავიხიოთ და სხვებს ავუწყოთ სვლა..
გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ოჯახი ინდივიდუალურია, ისიც ბუნებრივია, რომ ახალ ოჯახში მოხვედრისას, ბევრი საკითხი, აზრი, თუ გემოვნება არათავსებადი იყოს.. თუმცა, იგივე შეიძლება საკუთარ ოჯახში, საკუთარ მშობლებთანაც დაგვემართოს.. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზედმეტად არავინ გავაკრიტიკოთ, პირიქით, შევეცადოთ გავუგოთ.. ჯანსაღი კომუნიკაცია და საკუთარი აზრის დაფიქსირება, იდეების გაცვლა, ორივე მხარისთვის სასარგებლოა..
ჩვენ იმ ადამიანის გვერდით ვართ, ვინც გვიყვარს და ავირჩიეთ, და უნდა გვახსოვდეს, რომ ის ადამიანი მარტო არ არის.. მას ჰყავდა და ჰყავს ადამიანები, რომლებიც უყვარს და ეძვირფასება.. ზურგს უმაგრებს..
ზღვარი ყველა ურთიერთობაშია, თუმცა ეს ის მომენტია, როდესაც ზღვარს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავცდეთ!
ნინო ირემაშვილი 🪷